აზიის განვითარების ბანკმა (ADB) გამოაცხადა საერთაშორისო ტენდერი თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის, ასევე თბილისი-აეროპორტის მიწისზედა საქალაქო მატარებლის (City Train) სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის შერჩევისთვის. პროექტი ხორციელდება „ცხოვრებისთვის ხელსაყრელი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის“ (LCIP) პროექტის დაფინანსების ფარგლებში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო მომსახურების სავარაუდო ღირებულება 393 ათასი დოლარია. აქედან 333 ათასი დოლარი კონსულტანტების ანაზღაურებასა და პროექტთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზეა გათვალისწინებული, ხოლო დამატებით 60 ათასი დოლარი რეზერვის (Provisional Sum) სახით არის გამოყოფილი.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, კონსულტანტმა უნდა შეაფასოს თბილისისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი სარკინიგზო სისტემის ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური მიზანშეწონილობა. პროექტის კონცეფცია ეფუძნება თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმას და ითვალისწინებს დედაქალაქის დაკავშირებას მცხეთასთან, რუსთავთან, მარნეულთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და თბილისის აღმოსავლეთ რაიონებთან საქართველოს რკინიგზის არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.
ტენდერის პირობებით, კონსულტანტმა უნდა მოამზადოს მგზავრთნაკადების პროგნოზი 10-, 20- და 30-წლიანი პერიოდისთვის, შეაფასოს ავტომობილებიდან სარკინიგზო ტრანსპორტზე გადასვლის პოტენციალი, განსაზღვროს სადგურების ლოკაციები, მოძრავი შემადგენლობის მოთხოვნები, დეპოების განთავსება და სატარიფო პოლიტიკის სხვადასხვა მოდელი.
კვლევა ასევე მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, კლიმატური რისკების ანალიზს, სოციალური ზემოქმედების შესწავლას, საინჟინრო გადაწყვეტილებების დამუშავებასა და პროექტის ეკონომიკურ-ფინანსურ ანალიზს. კონსულტანტს დაევალება საინვესტიციო და საოპერაციო ხარჯების დათვლა, ხარჯ-სარგებლის ანალიზის ჩატარება, ეკონომიკური უკუგების მაჩვენებლის (EIRR) განსაზღვრა და პროექტის ფინანსური მდგრადობის შეფასება.
ADB-ის ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება მთლიან გადაადგილებებში 2016-2025 წლებში 39%-დან 48%-მდე გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 540 ათასიდან 880 ათასამდე გაიზარდა, რამაც საცობების, ჰაერის დაბინძურებისა და სათბურის აირების ემისიების ზრდა გამოიწვია. ასევე 2016-2026 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის მოსახლეობა - 1.37 მილიონ მაცხოვრებლამდე, რაც მოსახლეობის 224 ათასი მაცხოვრებლით, ანუ 20%-ით ზრდას ნიშნავს. პარალელურად კი იზრდება თბილისის მიმდებარე ქალაქების რუსთავის და მცხეთის მოსახლეობაც, რაც დამატებით ზეწოლას ქმნის თბილისი-მცხეთის და თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე.
ტენდერში გამარჯვებულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა რვა თვის განმავლობაში უნდა მოამზადოს. საბოლოო ანგარიში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის მისაღებ საინვესტიციო პაკეტს უნდა წარმოადგენდეს და გახდეს საფუძველი თბილისის აგლომერაციაში მიწისზედა მეტროსა და საქალაქო მატარებლის სისტემის შესაძლო დაფინანსებისა და განხორციელებისთვის. საკონსულტაციო კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენისთვის ვადა 13 ივლისამდე აქვთ.
თბილისსა და რუსთავს შორის მიწისზედა მეტროს მშენებლობის იდეა "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2018 წლის ოქტომბერში წარადგინა. იდეა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე გააჟღერა და განაცხადა, რომ მასზე თბილისის მერია და საქართველოს რკინიგზა იმუშავებდნენ. პრეზენტაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამგორი ლილოსა და აეროპორტს უნდა დაკავშირებოდა, მეორე ეტაპზე კი რუსთავის თბილისთან დაკავშირება იგეგმებოდა, თუმცა შემდგომში აღნიშნული პროექტის განვითარება შეჩერდა.




























