მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თბილისი ცენტრალის“ განვითარებაში ₾10 მლნ ჩაიდება - რას მოიცავს პროექტი?

თბილისი ცენტრალი

საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია (GRDC) 10 მლნ ლარის ინვესტიციით „თბილისი ცენტრალს“ განავითარებს. ევროპელი და ქართველი ინვესტორების დაფინანსებით პროექტის განხორციელება 2026-2027 წლებში იგეგმება და ის ვიზიტორებისა და მგზავრებისთვის თანამედროვე, კომფორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

საინვესტიციო პროექტზე "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ „თბილისი ცენტრალის“ განვითარებით სავაჭრო ცენტრში შოპინგი და რკინიგზის გამოყენებით მოგზაურობა ბევრად უფრო სასიამოვნო გახდება. მისი ინფორმაციით, GRDC-მ „თბილისი ცენტრალის“ განვითარება 2007 წლიდან დაიწყო და წლების განმავლობაში არ გაჩერებულა. თუმცა ახალი პროექტი ამ ერთიანი სივრცის თვისობრივ გარდაქმნას გულისხმობს.

„ეს ინფრასტრუქტურა რკინიგზის სადგურს, მეტროპოლიტენს, ავტობუსების ცენტრალურ სადგურს აერთიანებს. განახლების პროექტზე რამდენიმე წელია აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე საყვედურები, რომ "თბილისი ცენტრალი" მეტ-ნაკლებად მგზავრთ-ნაკადის მოძრაობის კუთხით, დღეს არსებულ ევროპულ სტანდარტებს ვეღარ პასუხობს. მიხარია, რომ ორწლიანი მუშაობის შემდეგ მოვამზადეთ რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც დაახლოებით 5 000 კვადრატულ მეტრ სივრცეს შეეხება და იმ გამოცდილებას, რასაც ნებისმიერი მგზავრი ან სტუმარი "ცენტრალში" მისვლისას მიიღებს თვისობრივად გარდაქმნის“, - აღნიშნა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია ამ პროექტში არა კომერციული, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის მიზნებიდან ინვესტირებს.

„10 მილიონი ლარი ჯგუფის მიერ გაკეთებული რეინვესტიციაა. ეს ფაქტობრივად კომერციული პროექტი არ არის, ჩვენ მას ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეშ ვახორციელებთ. ეს პროექტი, ვფიქრობ, ჩვენი ჯგუფის მხრიდან მნიშვნელოვანი განაცხადია იმაზე, რომ წვლილი შევიტანოთ ჩვენ ქალაქის და ქართულ ეკონომიკის განვითარებასა და ამ მიმართულებით ფლაგმანის ფუნქციის შესრულება გააგრძელონ“, - განაცხადა ყარალაშვილმა.

საინვესტიციო პროექტის მიხედვით, საქართველოს რკინიგზასთან თანამშრომლობით, დაწყებულია სარკინიგზო ბაქნების რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შედეგადაც 5000 კვ.მ სივრცე განახლდება. ამასთან, ევროპული სტანდარტით განახლდება და მოეწყობა სარკინიგზო ბაქნების ღია სივრცეები, საინტერესო და გამორჩეული დიზაინით შექმნილი, 2000 მ2 გადახურული მოსაცდელი დარბაზი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს განახლება ცენტრის ვიზიტორებს საშუალებას მისცემს სასიამოვნო საათები გაატარონ ახალ სივრცეში და ისარგებლონ ახლად დანერგილი მომსახურებებით, როგორიცაა, რკინიგზის ბილეთების ადგილზე შეძენა, ბარგის შესანახი ზონა, საბავშვო ზონა, კითხვის მოყვარულთა სივრცე, სწრაფი კვების ობიექტი და ხანგრძლივი მოცდისთვის აუცილებელი ყველა პირობა.

"თბილისი ცენტრალი" ინფრასტრუქტურულად ორ ნაწილად იყოფა - სავაჭრო ცენტრი და სადგური, რომელიც დღეისთვის თბილისში, ერთადერთი ცენტრალური სადგურია. ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე სამი ბაქანია, აქედან პირველი ჩვენი, მეორე-მესამე კი საქართველოს რკინიგზის საკუთრებაა. რკინიგზის ხელმძღვანელობასთან ერთად მოვამზადეთ ამ ტერიტორიის რეკონსტრუქციის პროექტი. ვისაც ბათუმში უმგზავრია დღემდე, ყველამ იცის თუ როგორი არაკომფორტული იყო ამ ბაქანებზე გასვლა. ეს ინფრასტრუქტურა თვისობრივად იცვლება - განახლდება საფარი, მოეწყობა მოსაცდელი დარბაზი, რაც ჩვენთვის ასოცირდებოდა ბიბლიოთეკასთან, იქნება განახლებული ლაუნჯი მგზავრებისთვის, კაფეები, შემნახველი საკანი, ბავშვთა გასართობი სივრცე. ცენტრალური სადგური ქვეყნის ერთგვარი სავიზიტო ბარათი და ქალაქის სახეა - ძალიან მიხარია, რომ ამ თვისობრივი განახლების ავტორები ვართ და თბილისს ახალ ლოკაციას შევუქმნით“, - აღნიშნა „თბილისი ცენტრალის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

ახალი სივრცეების დიზაინზე ქართველმა დიზაინერებმა და არქიტექტორებმა იმუშავეს, რომელთა მიერ შემუშავებული კონცეფცია თბილისი ცენტრალს ახალ სიცოცხლეს შესძენს. პროექტის იერსახეზე საუბრისას ლევან ყარალაშვილმა "ატელიე Z"-ს და ზაზა კაკნიძეს, ეკა ბეშკენაძეს მადლობა გადაუხადა. „თბილისი ცენტრალის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ პროექტის პირველი ეტაპი 2026 წლის ბოლომდე დასრულდება.

„პროცესი დაწყებულია და ამ სივრცის გარდასახვა რეალურად, ახალ წლამდე გვინდა მოვასწროთ, რომელიც პროექტის პირველი ეტაპი იქნება. კიდევ რამდენიმე სიურპრიზი გვაქვს, რომელსაც ასევე მსვლელობაში დავაანონსებთ. "თბილისი ცენტრალში" უახლოეს მომავალში კიდევ უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება. ხაზს გავუსვამ, რომ მთელი გუნდის შემართება მიმართულია იმისკენ, რომ თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური, როგორც ახალი სავიზიტო ბარათი, რეალურად ქალაქის თანამედროვე ცხოვრებაში ჩაეწეროს“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები