ტუროპერატორის - “პეგას ტურისტიკ ჯორჯიას” ინფორმაციით, საქართველოდან ეგვიპტის კურორტის, შარმ ელ-შეიხის მიმართულებით იანვრამდე ჩარტერული ფრენები დროებით გაუქმდა.
აღსანიშნავია, რომ თბილისიდან შარმ ელ-შეიხის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ფრენებს კვირაში ერთხელ, ავიაკომპანია Air Cairo ასრულებს.
როგორც “პეგას ტურისტიკ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი “საქმიან დილასთან” აცხადებს, შარმ ელ-შეიხში საშიშროება არ არსებობს, თუმცა გაუქმებული ჯავშნების გამო, კომპანია იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო.
სალომე ბერაიას განმარტებით, Air Cairo ბოლო ავიარეისს 29 ოქტომბერს შეასრულებს, ამასთან მისივე თქმით, ფრენები ჯერჯერობით იანვრამდე უქმდება, შემდგომი გადაწყვეტილებები კი ისრაელში არსებულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
“საომარმა მოქმედებებმა შეაშინა მომხმარებელი, მათ ტურების აქტიური გაუქმება დაიწყეს, თუმცა ეგვიპტის არც ერთ სანაპირო ზოლზე არ არის საფრთხე. შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული რეისები გრძელდებოდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ომმა მოთხოვნაზე დიდი გავლენა მოახდინა, გადავწყვიტეთ შეგვეჩერებინა ფრენები. ეს საფრთხის გამო არ მოხდა, მოთხოვნის ვარდნის გამო მოხდა. ამ დროის მონაცემებით, ფრენები იანვარში აღდგება, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება გადაიხედება.
აღსანიშნავია, რომ შარმ ელ-შეიხში გავსებულია სასტუმროები, იქ არ იგრძნობა საფრთხე” - აღნიშნავს სალომე ბერაია.
შარმ ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული ფრენების შეჩერებას ადასტურებს და ეხმიანება ტურისტული კომპანია "ჩექინ თრაველის" დირექტორიც. როგორც ლევან ოსეფაიშვილი ამბობს, ეგვიპტის მიმართულებით საფრთხის საშიშროება არ არსებობს, თუმცა მომხმარებელი ტურებს აქტიურად აუქმებდა.
"ომის დაწყებიდან დღემდე უამრავი ზარი შემოგვდიოდა ეგვიპტის მიმართულებით ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით. იმის მიუხედავად, რომ ეგვიპტეში საშიშროება არ არსებობს, მომხმარებელი მაინც ფრთხილობს, რაც ბუნებრივია" - ამბობს "ჩექინ თრაველის" დირექტორი.
BM.GE-მ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.