მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის 2025 წლის ბიუჯეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს - საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

დეპუტატი

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი რეკორდული 2 მილიარდ 455 მლნ ლარი იქნება. მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ გუშინ დაამტკიცა. ყველაზე მეტი თანხა ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაიხარჯება, რისთვისაც მერიამ 707 მლნ ლარი გაითვალისწინა. ამ თანხიდან გზებზე 155 მლნ ლარი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, მათ შორის ავტობუსების შეძენაზე კი 183 მლნ ლარი დაიხარჯება. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამებისა და პროექტების ჯამური ბიუჯეტი კი 533 მლნ ლარით განისაზღვრა.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, მიხეილ კაკაურიძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი ვერანაირ კრიტიკას ვერ გაუძლებს. მისი შეფასებით, კაპიტალური პროექტებისთვის, რომელმაც დედაქალაქში არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს, მხოლოდ ბიუჯეტის 20%-მდეა გათვალისწინებული. დეპუტატის თქმით, პრობლემაა პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისებაც.

„კაპიტალური პროექტებისთვის, რომელმაც უნდა დაასრულოს ბოლოს და ბოლოს ქალაქში საცობები და ურბანული გენოციდი, მიმართულია ბიუჯეტის მხოლოდ 20%-მდე, 366 მილიონი. ეს არის არაფინანსური აქტივის ზრდის პარამეტრი, რომელშიც არის გათვალისწინებული კაპიტალური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, იგივე საბავშვო ბაღების მშენებლობა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტები და ა.შ რისთვისაც ბიუჯეტის 19%-მდეა მხოლოდ გათვალისწინებული.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თუნდაც 2 კვირის წინ 2024 წლის 9 თვის ბიუჯეტის შესრულების პროექტში ყველა მაჩვენებელი არის 100%-იანი, გადაჭარბებული შესრულებით, ამ მიმართულებაზე არის 66%-იანი შესრულება. ამ პარამეტრების გათვალისწინებით იგივე გასული წლების გამოცდილება გვეუბნება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი სახსრები რჩება აუთვისებელი. მაგალითად, გასულ წელს გვქონდა 200 მილიონიანი აუთვისებელი თანხა ე.წ ნაშთის სახით გადმოტანილი. მოსალოდნელია ამ წელსაც იგივე დაემართოს ბიუჯეტს. ამ პროექტების გადატანა ხდება წლიდან წლამდე, წელს იყო მაგალითად გათვალისწინებული რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია და გადავიდა 2025 წელზე. ეს არის მოჯადოებული წრე, რომელსაც ასე ვატარებთ.

ეს არის იმის შედეგი, რასაც ჰქვია პარტიული ნიშნით საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნა. ერთი კვირის წინ შემოვიდა ცვლილება ბიუჯეტში, რითაც 5 მილიონმა გადაინაცვლა სპორტული ღონისძიებების დაფინანსებაზე. 10 01 მუხლში ცვლილება ითვალისწინებს წახალისებას ამ სფეროში დასაქმებული პირების, ეს არის არჩევნების შემდგომ რომ იტყვიან ვალის გადახდა. ამის პირდაპირ მანიშნებელი“,-აცხადებს „საქმის კურსთან“ ინტერვიუში მიხეილ კაკაურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები