თბილისის მერიამ საკრებულოს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ხარჯების მოცულობა 2.24 მილიარდი ლარი იქნება. აღნიშნული თანხა თბილისის მოქმედ, კორექტირებულ ბიუჯეტთან შედარებით 424 მილიონი ლარით ნაკლებია, თუმცა 2026 წლის პირვანდელ ბიუჯეტს 50 მილიონ ლარზე მეტად აღემატება. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ არსებული პრაქტიკით ყოველწლიურად რამდენჯერმე ხდება თბილისის ბიუჯეტის კორექტირება და ხშირ შემთხვევაში მისი მოცულობა რამდენიმე ასეული მილიონი ლარით იზრდება - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროსთან მუშაობის შედეგად თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ანალოგიურად, 2026 წელს დამტკიცებული ბიუჯეტი 2.19 მილიარდი ლარი იყო, თუმცა ის კორექტირების შედეგად 2.66 მილიარდ ლარამდე გაიზარდა, არსებობს მოლოდინი რომ 2027 წელსაც საკრებულო ბიუჯეტის კორექტირებას მოახდენს.
შესაბამისად, ამ დროისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის ასიგნებების თავში 2026 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით მთელი რიგი მიმართულებებით კლება არის განსაზღვრული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ფაქტობრივად მართლაც შემცირება იქნება, რადგანაც 2026 წლის პრაქტიკით, საკრებულომ ბიუჯეტის ზრდის მიმართულებით კორექტირება იანვარშივე მოახდინა, რა დროსაც ბიუჯეტი ერთი თვის დამტკიცებულიც არ იყო. რაც შეეხება ამჟამად წარდგენილი ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებს - ასიგნებების მოცულობა 2.24 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული, რაც ასე ნაწილდება:
2027 წლის თბილისის ბიუჯეტის ასიგნებები:
- სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 578 მილიონი ლარი;
- ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 363 მილიონი ლარი;
- სკოლამდელი განათლება და განათლების სხვა პროგრამები - 325 მილიონი ლარი;
- გამწვანება, დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 309 მილიონი ლარი;
- ქ.თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული ორგანოები - 290 მილიონი ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 222 მილიონი ლარი;
- კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 75 მილიონი ლარი;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 61 მილიონი ლარი;
- საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, მათ შორის ცხოველთა მონიტორინგი - 14 მილიონი ლარი;
- ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 3 მილიონი ლარი.
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 2.17 მილიარდი ლარით არის დაგეგმილი. აქედან 1.1 მილიარდი ლარი გადასახადებზე მოდის, 644.5 მილიონი ლარი გრანტებზე, ხოლო 421.4 მილიონი ლარი სხვა შემოსავლებზე.
საგადასახადო შემოსავლებში 728.9 მილიონი ლარი დღგ-ის წილია, ხოლო 375 მილიონი ლარი ქონების გადასახადზე მოდის. ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავალი 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 25 მილიონი ლარით იზრდება, დღგ-ის შემოსავლები კი 56.5 მილიონი ლარით.
გრანტების მოცულობა წლიურად 15.9 მილიონი ლარით მცირდება და 644.5 მილიონ ლარს შეადგენს. სხვა შემოსავლები 421.4 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2026 წლის მაჩვენებელზე 19.2 მილიონი ლარით ნაკლებია. მათ შორის, ჯარიმებიდან და საურავებიდან 130 მილიონი ლარის მიღებაა დაგეგმილი.
























