მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა $520 მილიონი დაჯდება

გზა მაგისტრალი ავტობანი

თბილისის 51-კილომეტრიანი შემოვლითი მაგისტრალის მშენებლობა სავარაუდოდ 520 მილიონი დოლარი დაჯდება - ამის შესახებ კომპანია Anas International Enterprise-ის მიერ მომზადებული შეფასებიდან ხდება ცნობილი.

პროექტი 4 ლოტის მშენებლობას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე გრძელი და ძვირად ღირებული მესამე ლოტია, რაც ავაჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი გზის გაყვანას ითვალისწინებს. აღნიშნული ლოტის მშენებლობა 300 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს გზა მეტწილად ყოფილი შემოვლითი რკინიგზის ტერიტორიაზე გაივლის და მის 4 გვირაბს (საერთო სიგრძე 3.6 კმ) და არსებულ ხიდს (სიგრძე 921 მეტრი) გამოიყენებს. ამასთან პროექტისთვის საჭირო იქნება 4 ახალი გვირაბის მშენებლობა 3.8 კილომეტრის სიგრძით და ავჭალის ხიდის პარალელურად, ახალი 928 მეტრის სიგრძის აგება.

რაც შეეხება სხვა მონაკვეთებს, ღირებულებით მეორე ადგილზეა წიწამური ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც ორი პარალელური 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას ითვალისწინებს. გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 150 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

გზის ოთხივე ლოტთან დაკავშირებით 2024 წლიდან მიმდინარეობს გზშ პროცედურები. რამდენიმე დღის წინ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გზის მეორე ლოტი - ავჭალა წიწამურის გზის მონაკვეთი დაახარვეზა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო გარემოება, რომ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული საკადასტრო კოდი, სადაც გვირაბების გაყვანით მთიდან გამოტანილი 434,935 მეტრ კუბი მიწა უნდა განთავსდეს არ იძებნება. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიეცა ორთვიანი ვადა რომ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები გასწორდეს.

შემოვლითი მაგისტრალის აეროპორტი-ლოჭინის უბნის სიგრძე 10.4 კილომეტრი იქნება და მისი მშენებლობა 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ლოჭინი-რუსთავის გზის მონაკვეთის საპროექტო სიგრძე 11 კილომეტრია და მისი მშენებლობა 70 მილიონი დოლარი უნდა დაჯდეს.

მთლიანობაში 51-კილომეტრიანი მაგისტრალი მოიცავს 48 ხიდის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძე 11.6 კილომეტრი იქნება, ასევე 6 ახალი გვირაბის მშენებლობას, რომელთა საერთო სიგრძეც 10.7 კილომეტრს შეადგენს.

საპროექტო გზის ძირითადი ტექნიკური პარამეტრები:

  • გზის სიგრძე - 51 კმ;
  • საპროექტო სიჩქარე - 120 კმ/სთ;
  • სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი;
  • თითოეული სავალი ზოლის სიგანე - 3.75 მეტრი;

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

520 მილიონი დოლარი რაც ამ მაგისტრალის წინასწარი სავარაუდო ღირებულებაა შესაძლოა საბოლოოდ პროექტის დამტკიცების და სატენდერო პროცესის დროს შეიცვალოს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება პროექტზე საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება და თუ იქნებიან მის დაფინანსებაში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

გზის წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გზის ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გზის აეროპორტი-ლოჭინის 10.4-კილომეტრიანი მონაკვეთი:

გზის ლოჭინი-რუსთავის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები