შპს "საქაერონავიგაციამ" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.
თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა.
როგორც "საქაერონავიგაციაში" განმარტავენ, არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე, დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის, დაბალი ხილვადობის დროს.
შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI"-მ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია „OCEM"-მა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ICAO-ს II კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემებით აღჭურვა.
უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს.

























