მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის ავტობუსის კონტროლიორებს ახალი ფორმა აქვთ - დაიხარჯა ₾2,1 მლნ

ფორმა

თბილისის ავტობუსის კონტროლიორებს ახალი სტილის ფორმა აქვთ. სსიპ - თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 2,1 მლნ ლარი დახარჯა იმისათვის, რომ მათთვის ახალი ტანსაცმელი შეეკერათ. ახალი ფორმა მწვანე ფერისაა, მაშინ როცა ადრე კონტროლიორებს ლურჯი ფერის სამუშაო ფორმა ეცვათ.

ტანსაცმლის შეკერვის მიზნით ტენდერი უწყებამ გასული წლის 2 ოქტომბერს გამოაცხადა, ხუთი პრეტენდენტიდან კი ხელშეკრულება შპს "ტაქტიკალ ჯისთან" გაფორმდა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ თბილისს 750 კონტროლიორი ჰყავს. გამოდის, თითოეულის სამუშაო ფორმის ტანსაცმელზე 2 800 ლარი დაიხარჯა. თუმცა ამაში შედის კომპლექტი: ზაფხულის მაისური, ასევე პერანგი, როგორც გრძელი, ასევე მოკლე სახელოებით, შარვალი, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის, ჰალსტუხი, პულოვერი, ზაფხულის და ზამთრის ქუდები, ჩანთა, თბილი ქურთუკი, ზამთრის და ზაფხულის ჟილეტი ცალ-ცალკე, საწვიმარი ლაბადა და ზაფხულის და ზამთრის ფეხსაცმელი.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან 11 თებერვალს გაფორმდა, ხელშეკრულება ძალაშია წლის ბოლომდე.

ცნობისთვის, შპს ტაქტიკალ ჯი, რომელმაც კონტროლიორების ტანსაცმელი შეკერა, ლილოში მდებარეობს. ეს არის სამკერვალო ატელიე, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, სამეწარმეო რეესტირს მონაცემებით, ანა აბაშიძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები