მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტების საწვავით მომმარაგებელი კომპანია "Gulf Aviation"-ის შემოსავალი ₾292 მილიონამდე გაიზარდა

Gulf Aviation

საქართველოს საავიაციო ნავთობის სექტორის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მოთამაშემ – გალფ ავიეშენ ჯორჯიამ (Petrocas Fuel Services Georgia) – 2025 წელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ფინანსური შედეგებით დაასრულა. Deloitte-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ როგორც შემოსავლები, ისე მოგება და საოპერაციო შედეგები მნიშვნელოვნად გაზარდა.

2025 წელს კომპანიის შემოსავალმა 292.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 106.7 მილიონი ლარით, ანუ 52.2%-ით მეტია. შემოსავლების თითქმის მთლიან ნაწილს – 291.4 მილიონ ლარს – ავიასაწვავის რეალიზაცია წარმოადგენდა, ხოლო მომსახურებიდან მიღებულმა შემოსავალმა 1.24 მილიონი ლარი შეადგინა.

მენეჯმენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია საქართველოში ავიასაწვავის დისტრიბუციას ახორციელებს თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ნატახტრისა და მესტიის აეროპორტებში, კომპანია მომსახურებას აწვდის როგორც საერთაშორისო ავიაკომპანიებს, ასევე "ჯორჯიან ეარვეისს".

კომპანიის გაყიდული პროდუქციის თვითღირებულება 253.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2024 წელთან შედარებით ზრდამ 79.2 მილიონი ლარი, ანუ 45.4% შეადგინა. მიუხედავად ხარჯების ზრდისა, მთლიანი მოგება თითქმის გაორმაგდა და 38.9 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 21.1 მილიონი ლარით, ანუ 118.8%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.

საოპერაციო მოგება 29.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 17.9 მილიონი ლარით, ანუ 152.7%-ით აღემატება 2024 წლის შედეგს. წლის წმინდა მოგებამ კი 30.4 მილიონი ლარი შეადგინა. 2024 წელთან შედარებით მოგება 18.6 მილიონი ლარით, ანუ 158.6%-ით გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მოგება დაახლოებით 2.6-ჯერ გაიზარდა.

გაყიდვებისა და დისტრიბუციის ხარჯები 7.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდა 1.4 მილიონი ლარი, ანუ 23.7% იყო. ამ მიმართულებით თანამშრომელთა ანაზღაურებაზე გაწეულმა ხარჯმა 1.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 113 ათასი ლარით, ანუ 6.3%-ით მეტია. ადმინისტრაციული მიმართულებით ხელფასებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯები 895 ათასი ლარი იყო, რაც 8 ათასი ლარით, ანუ 0.9%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, კომპანიის მიერ სახელფასო ხარჯებზე გაწეულმა დანახარჯმა 2.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 121 ათასი ლარით, ანუ დაახლოებით 4.5%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ანგარიშგებაში დასაქმებულთა რაოდენობა და საშუალო ხელფასი არ არის მითითებული.

ბალანსის მიხედვით, კომპანიის აქტივები 73.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 17.7 მილიონი ლარით, ანუ 31.9%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საკუთარი კაპიტალი 49.3 მილიონ ლარს მიაღწია და 23.5 მილიონი ლარით, ანუ 90.8%-ით გაიზარდა. ფულადი სახსრები და მათი ეკვივალენტები 32.6 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 19.0 მილიონი ლარით, ანუ 139.0%-ით მეტია 2024 წლის ბოლოს მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში ვალდებულებები 23.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც 5.8 მილიონი ლარით, ანუ 19.4%-ით ნაკლებია.

ანგარიშგების თანახმად, 2025 წელს კომპანიამ 6.9 მილიონი ლარის დივიდენდი გასცა, რაც 2024 წელთან შედარებით 384 ათასი ლარით, ანუ 5.3%-ით ნაკლებია.

კომპანიის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული Petrocas Energy International-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები