მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილის გადატანის სცენარები

5b095fa715233
დავით ჯალაღონია
26.05.18 17:40
1267
თბილისის გენგეგმის ჯგუფის ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზამ" სატვირთო ნაწილის გადატანის რამდენიმე ვარიანტი უკვე მოამზადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი ვერსია სამგორსა და ზაჰესში გვირაბების გაკეთება და რკინიგზის სატვირთო ხაზის მათ შორის მოქცევაა, მეორე ვარიანტი კი შემოვლითი გზის, ანუ ე.წ გაჩიანის ხაზის განვითარებას გულისხმობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, რა გზით განხორციელდება პროექტი, მიღებული არ არის.

"ასეთი მდგომარეობაა - რკინიგზამ ვერ განსაზღვრა მკაფიოდ გვირაბის ვერსია, ასევე, შემოვლითი პროექტი, როგორ იქნება. გულწრფელად რომ ვთქვა, ამ ორ წელიწადში ვერ გადაწყვეტენ ამ თემას, რადგან რკინიგზის საკითხი არ არის მხოლოდ ქალაქის, ეს ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ჩვენ დავტოვეთ გენგეგმის პროექტში ყველაზე მოქნილი გადაწყვეტა - დერეფანი, რომელშიც ყოველგვარი მშენებლობა დაუშვებელია, რათა რკინიგზის საკითხი რომ გადაწყება, შემდეგ ქალაქის გადაწყვეტილებებს მან ხელი არ შეუშალოს. სწორედ ამიტომ სამანქანო გზისა და რკინიგზის ჩათვლით, 32-მეტრიანი სიგანის დერეფანი გვაქვს მონიშნული და ეს ტერიტორია დარეზერვებულია", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

რაც შეეხება ცენტრალური რკინიგზის სამგზავრო ნაწილს, ქალაქმგეგმარებლის ინფორმაციით, მის მომავალზე ჯერ-ჯერობით „საქართველოს რკინიგზა“ და თბილისის მერია ჩამოყალიბებულები არ არიან.

"ამ შემთხვევაში ორი ვარიანტია - ან ასე დარჩეს სამგზავრო ხაზი, ან ისიც გადავიდეს და მის ნაცვლად ელექტროტრანსპორტი განვითარდეს, რომელიც აგლომერაციის სახით რუსთავს, თბილისს, მცხეთასა და შესაძლოა, გორსაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - აღნიშნა მან.

BM.GE ინფორმაციისთვის "საქართველოს რკინიგზას" დაუკავშირდა, თუმცა აქ საკითხის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობაზე 2012 წლამდე 210 მილიონ დოლარამდე უკვე დაიხარჯა. პროექტი 2013 წელს დაკონსერვდა. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, პროექტის განხორციელების ფორმაზე საბოლოო გადაწყვეტილება „საქართველოს რკინიგზას“ განკარგულების ძალაში შესვლიდან ოთხ თვეში, მაქსიმუმ 2016 წლის 9 დეკემბერს უნდა მიეღო, თუმცა ხელისუფლებამ პროექტის განხორციელების ფორმაზე გადაწყვეტილების მისაღებად აღნიშნული ვადები ვერ გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები