თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფმა შემოვლითი რკინიგზის პროექტზე დასკვნა მოამზადა. როგორც ჯგუფის თანათავმჯდომარე მერაბ ბოლქვაძემ „ბიზნესკონტრაქტს“ განუცხადა, მათ გერმანელ და ფრანგ სპეციალისტებთან დასკვნითი კონსულტაციები გაიარეს და შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო რეკომენდაცია მოამზადეს, რომლის თანახმად, თბილისის ცენტრიდან რკინიგზის სატვირთო ნაწილთან ერთად, სამგზავრო რელსებიც უნდა გადავიდეს, რის შედეგადაც დედაქალაქს სამშენებლო და სარეკრეაციო ზონების გასავითარებლად ახალი ადგილი ექნება.
"ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილს 74 ჰექტარი მიწა უნდა გამოუთავისუფლდეს. იქ, დიდ ნაწილზე, რეკრეაციული არეალები უნდა განვითარდეს, რისი ნაკლებობაც აქვს დედაქალაქს. რა თქმა უნდა, გარკვეული ტერიტორიები სამშენებლო განვითარებისთვის იქნება განსაზღვრული, მაგრამ ძირითადი წილი სარეკრეაციო სივრცე იქნება", - განაცხადა ბოლქვაძემ.
რაც შეეხება კონკრეტულად რკინიგზის სამგზავრო ნაწილის ქალაქგარეთ გადატანას, ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით გენერალური გეგმის ჯგუფსა და საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან საგზავრო ნაწილის გადატანაც დადგება დღის წესრიგში, ამიტომ სჯობს სამუშაოები ამ მიმართულებითაც დაიწყოს.
"არ დაგიმალავთ, რომ რკინიგზის ხელმძღვანელობის ხედვა ასეთია - რკინიგზას უნდა, რომ სამგზავრო ნაწილი დატოვონ, მაგრამ ჩვენ დავასკვენით, რომ საჭიროა, მისი ცენტრალური ნაწილიდან გატანა. ამის შემდეგ ორი სადგური გაჩნდება - დიდუბისა და სამგორის. დასავლეთის მიმართულებიდან მგზავრები დიდუბეში შემოვლენ, აღმოსავლეთის მხრიდან - სამგორში. ეს სწორი გზაა, მით უმეტეს, დანახარჯები უკვე გაღებულია და დიდი სამუშაოებია შესრულებული", - განმარტა ბოლქვაძემ.
ყოფილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ადგილზე გენერალური გეგმის ჯგუფის რეკომენდაციით, შესაძლოა, ელექტროტრანსპორტმა, მაგალითად, ტრამვაიმ იმოძრაოს.
გარდა ამისა, მერაბ ბოლქვაძის თმით, რკინიგზის გადატანას, სხვა დადებითი მხარეც აქვს.
"ამ ეტაპზე რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ყოფს და განივი კავშირები ძალიან გართულებულია. ამიტომ რკინიგზის ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გატანა ამ კავშირების დამყარებას ხელს შეუწყობს. აქ ლაპარაკია ნაძალადევის ტერიტორიის ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან დაკავშირებაზე", - განმარტა ბოლქვაძემ.
მისი გათვლებით, შემოვლითი რკინიგზის სამუშაო მდგომარეობამდე მიყვანას დაახლოებით, 4-5 წელი დასჭირდება. მიმდინარე წლის 15 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად კი, „საქართველოს რკინიგზას“ პროექტის 22 თვეში დასრულება დაევალა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის კონსერვაცია, მისი შესწავლისა და გაუმჯობესების მიზნით, 2013 წელს განხორციელდა.

























