მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის და ბათუმის შემდეგ, "ჟუჟუნა ღვინო" გუდაურსა და ქუთაისშიც გაიყიდება

5c1f922b78dd5
ანნა ლაპიაშვილი
23.12.18 17:08
3515
დედაქალაქისა და ბათუმის ბარ-რესტორნებთან ერთად "ჟუჟუნა ღვინით" სტუმრებს გუდაურსა და ქუთაისშიც გაუმასპინძლდებიან. ზამთრის საკურორტო სეზონზე, "ჟუჟუნა ღვინო", რომელსაც აქტიურად კოქტეილების დასამზადებლად იყენებენ, სრიალის მოყვარულებს "ხიჟინაში" დახვდებათ.

"ჟუჟნა ღვინო" ხუთი მეგობრის სტარტაპია. ნახევრად ცქრიალა სასმელი პირველად "ჟუჟუნა ღვინო" 2017 წელს ჩამოასხეს.

“ჩვენს ღვინოს ძალიან ცოტა გაზი აქვს - შამპანურზე, დაახლოებით, სამჯერ ნაკლები, ოდნავ სუსხავს ენას და ამიტომ დავარქვით "ჟუჟუნა ღვინო". ჟუჟუნებს და თან ჩაჟუჟუნებასთან ასოცირდება. ჟუჟუნა რქაწითელისა და მწვანეს ერთმანეთთან შერევით მზადდება. ტრადიციული რთველისგან განსხვავებით, ჩვენი ღვინის მისაღებად ყურძენი, დაახლოებით, ორი კვირით ადრე იკრიფება. ყურძენი ცოტა მკვახე უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, აქვს სასმელს ოდნავ მჟავე გემო. ჯერ ჩვეულებრივი ღვინო კეთდება და მისი მეორადი ფერმენტაციით იქმნება ბუნებრივი გაზი და არ არის CO-თი გაზირებული. საზღვარგარეთ ასეთ სასმელს პროსეკოს ეძახიან და ძალიან პოპულარულია”, - ამბობს "ჟუჟუნა ღვინოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ვასკა ჩუბინიძე.

ამ დროისთვის, "ჟუჟუნა ღვინოს" შემქმნელებს ნახევარ მილიონამდე ლარის ინვესტიცია აქვთ განხორციელებული. ბიზნესი 150 ათასი ლარით დაიწყეს - 5 დამფუძნებლიდან თითოულის თანამონაწილეობა 30 ათასი ლარი იყო. მოგვიანებით, „ქართული პროსეკოსათვის“ სპეციალური დანადგარები ლიზინგით იყიდეს და დღეს უკვე სამომავლო გეგმებს აწყობენ. დღესდღეობით, "ჟუჟუნა ღვინო" რესტორნებსა და ბარებში მხოლოდ ჩამოსასხმელი ფორმით იყიდება, მაგრამ უახლოეს მომავალში, კომპანიის დამფუძნებლები მსურველებს ღვინოს ბოთლში ჩამოსხმული სახითაც შესთავაზებენ.

"ახლა აქტიური მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, როგორ შეიძლება შევფუთოთ პროდუქტი ისე, რომ საცალო გაყიდვაში საინტერესო იყოს”, - აცხადებენ მეწარმეები.

კომპანიის დამფუძნებელი BM.Ge-თან ამბობს, რომ პირველ წელს 30 ტონა “ჟუჟუნა ღვინოს“ ჩამოსხმის შემდეგ, წელს წარმოება თითქმის გააორმაგეს და 52 ტონამდე ავიდნენ.
"ჟუჟუნა ღვინის" შემქმნელები ნელ-ნელა საკუთარი ვენახის გაშენებისთვისაც იწყებენ მზადებას, რისთვისაც კახეთში მიწაც იყიდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები