თბილისის მერია ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას უჭერს მხარს.
26 ნოემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“, გარდენ-ჰოლის სივრცეში (ეზოს მხრიდან), თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის - „თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდება.
აღნიშნული პროექტის მიზანი დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობაა. დაგეგმილი დისკუსიის ფორმატში, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისა და რეაბილიტაციის ინიციატივები განიხილება.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საჯარო კონსულტაციაზე იწვევს. შეკრების მიზანია, მოქალაქეებმა ხელისუფლების ორგანოებისგან სრული ინფორმაცია მიიღონ. ასევე, დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხები დააყენონ, პირადი პოზიცია დააფიქსირონ და მართვის პროცესში ეფექტიანად ჩაერთონ.
ადგილზე კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ, ყველა რეგულაცია იქნება დაცული.