თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გაიხსნა. სამედიცინო ცენტრი დიღომში, ლუბლიანას ქუჩა N70 -ში განთავსდა. შენობის ყოფილი მესაკუთრეა შპს “სამედიცინო ინოვაციების ცენტრი”, რომლისგანაც საქართველოს მთავრობამ ეს უძრავი ქონება შეიძინა. ინფექციური საავადმყოფოსთვის შეძენილი ახალი შენობის რემონტი და მისი აღჭურვის სამუშაოები სამშენებლო კომპანია "ანაგმა" განახორციელა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, 11-სართულიანი შენობა, თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო. კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით, პლეტიზმოგრაფის, კომპიუტერული ტომოგრაფიის, ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელსაც კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი ემსახურება. სამომავლოდ იგეგმება უახლესი მაგნიტო-რეზონანსული ტექნიკით აღჭურვაც.
ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი ინფექციური საავადმყოფო 83 საწოლზეა გათვლილი. ახალ შენობაში, კლინიკას გადაუდებელი ამბულატორიული განყოფილება დაემატა. პაციენტებს ადგილზე ყველა საჭირო-სავალდებულო კვლევების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. საერთო ჯამში, კლინიკაში, 352 თანამშრომელია დასაქმებული.
ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის შესაბამისი ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანია "ანაგთან" 2022 წლის მარტში გაფორმდა, ადგილზე სამუშაოები 14 თვეში, 2023 წლის 25 მაისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა კონტრაქტორმა კომპანიამ ვადების გახანგრძლივებას ითხოვა.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით 90 მლნ ლარი დაჯდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო 1953 წელს დაარსდა. 1989 წელს, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიქმნა შიდსის განყოფილება, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა თენგიზ ცერცვაძე. 2001 წელს კლინიკას ეწოდა „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, რომლის გენერალურ დირექტორად გახდა თენგიზ ცერცვაძე. ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა დაწესებულებას. კლინიკას სახელწოდება 2024 წელს, გენერალური დირექტორის, პროფესორ თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების შემდეგ შეეცვალა და მას თ.ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სახელი მიენიჭა.