მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის გენერალურ გეგმაში დამატებითი ცვლილებები შევიდა

5be9a0318d823
დავით ჯალაღონია
12.11.18 19:44
1705
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის ინფორმაციით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საკრებულო წლის ბოლომდე დაამტკიცებს. როგორც მაია ბითაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ის მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე არ დამტკიცდა გენგეგმის პროექტი, დოკუმენტში დამატებითი ცვლილებების განხორციელებაა. მისი განმარტებით, ცვლილებები სხვადასხვა ტერიტორიებზე კერძო მესაკუთრეების განაცხადებმა განაპირობა, რითაც მათ დედაქალაქის მთავრობას მიმართეს.

„გენგეგმის ბოლო ვერსია გადაგზავნილია საკრებულოში. ძალიან ბევრი განაცხადი იყო კერძო სექტორიდან და ფიზიკური პირებისგან მათ საკუთრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ასევე დამუშავდა გენგეგმის ტექსტუალური ნაწილიც და ხელახალი განხილვისთვის იქნა გადაგზავნილი საკრებულოში“, - განაცხადა ბითაძემ.

რაც შეეხება სადაო ტერიტორიებს, სადაც მშენებლობების ნებართვა გენგეგმის დამუშავებამდე გაიცა, როგორც მაია ბითაძე აღნიშნავს, ამ საკითხების განხილვა მერიას ჯერ არ დაუსრულებია.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან დიდი ტერიტორიის ნაწილს დავუბრუნეთ სამშენებლო სტატუსი. კვლავ რჩება ტერიტორიები, რომლებსაც სამშენებლო სტატუსი ჩამოუქვეითდა, ისევე როგორც სარეზერვო ტერიტორიები გაჩნდა, რომლებსაც პირიქით, ასეთი სტატუსი გაუჩნდა. შესაბამისად, კერძო მესაკუთრეებთან მოლაპაკრაკებებია და რიგ შემთხვევაში, სხვადასხვა შეთავაზებების გზით, ვფიქრობ, რომ ჩვენი ქალაქის იმ ტერიტორებს, რომელთა სამშენებლო გამოყენება არ შეიძლება, მათთან ერთად დავიცავთ. ეს პროცესი ერთ და ორ დღეში ვერ გადაწყდება. თუ აღმოჩნდა, რომ არის ტერიტორიები, რომელზედაც კერძო საკუთრება თეორიულად შეიძლება შეიზღუდოს, ამ შემთვევაში ყველა მესაკუთრის უფლრება იქნება დაცული, როგორც ეს ჩვენი კონსტიტუციით არის განსაზღვრული“, - განაცხადა მერის მოადგილემ და დასძინა, რომ მსგავსი პრობლემური მიწის ნაკვეთები ძირითადად არის ხევებში, კოლექტორებზე და აქტიური გეოდინამიკური პროცესების უბნებში, სადაც მშენებლობა ისედაც არ შეიძლებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები