თბილისის გენერალური გეგმის თბილისის მერიაში წარდგენა კიდევ ერთხელ გადაიდო. "საქმის კურსს" თბილისის არქიტექტურის სამსახურში განუცხადეს, რომ მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება და გენერალური გეგმის წარდგენა გადაიდო. თუმცა, როდის წარადგენს თბილისის გენერალურ გეგმაზე მომუშავე კომპანია "სითი ინსტიტუტი" გეგმას, არქიტექტურის სამსახურში ვერ აკონკრეტებენ.
გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფს თბილისის გენერალური გეგმა ჯერ კიდევ 15 მაისს უნდა წარედგინა მერიისთვის, თუმცა, მაშინ "საქმის კურსს" მერაბ სალუქვაძემ განუცხადა, რომ ტექნიკური დაზუსტებების გამო გეგმის წარდგენა 5 ივნისამდე გადაიდო.
დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო. გენერალური გეგმა არეგულირებს დედაქალაქში გამწვანების, ტრანსპორტის, მშენებლობების და სხვა საკითხებს.
მერიაში დოკუმენტის წარდგენის შემდეგ მისი სახალხო განხილვები უნდა გაიმართოს, შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცოს.

























