მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიას საქალაქო პარკების განვითარებისთვის ადგილებს სთავაზობს. როგორც „საქმის კურსს“ გენგეგმის თანაავტორმა, „სითი ინსტიტუტი - საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა, ქალაქში რეკრეაციული ზონების განვითარების მიზნით, დოკუმენტის ავტორებს მერიისთვის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებები აქვთ შეთავაზებული, რაშიც საქალაქო, რაიონული და საუბნო პარკების მოწყობა იგულისხმება.
მერაბ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ თემქის დასახლებაში, დიღმის ჭალებზე და კიდევ რამდენიმე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონების შენარჩუნება და პარკის ფუნქციით დატვირთვაა აუცილებელი.
„მაგალითად, მერიას ჯერ კიდევ 9 თვის წინ ვთხოვეთ თემქაზე პარკის გაკეთება, სადაც ამისთვის დაახლოებით, 16 ჰექტარი ტერიტორიაა, რომელიც საბედნიეროდ პრივატიზებული არ არის. იქ რომ პარკი დაგეგმილიყო, გამწვანებაში მოსახლეობაც მიიღებდა მონაწილეობას, სპორტული ბაქნები მოეწყობოდა და ის ხალხი დაიცავდა შემდეგ ამ პარკს. მიკვირს, რატომ არ დგამენ ნაბიჯს“, - აღნიშნავს ბოლქვაძე.
მისივე თქმით, დროულად არის საჭირო დიღმის ჭალებში ანალოგიური პროექტის განხილვა.
„დიღმის ჭალები დასაცავია. სულ შიში გვაქვს, რადგან შეიძლება, ვიღაცამ რაღაც ნაკვეთი დაიმაგროს და მშენებლობის ნებართვა აიღოს. ის უნდა გამოცხადდეს სარეკრეაციო სივრცედ, კონკურსი დაიგეგმოს და პარკი გაშენდეს“, - მიიჩნევს გენგეგმის ერთ-ერთი ავტორი.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიამ უკვე ჩაიბარა და უახლოეს პერიოდში მისი საჯარო განხილვები იგეგმება, რისთვისაც ორთვიანი ვადაა განსაზღვრული. შემოდგომაზე კი დოკუმენტი დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.

























