თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხორციელებისთვის მერია ახალი სტრუქტურის შექმნას განიხილავს. აღნიშნული ინფორმაცია „საქმის კურსს“ როგორც მერიის არქიტექტურის სამსახურმა, ისე გენგეგმის ავტორი კომპანიის „სიტი ინსტიტუტი - საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ დაუდასტურა.
როგორც არქიტექტურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში აცხადებენ, ახალი ერთეულის ჩამოყალიბება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორების მოსაზრებაა, რომლის მიზანშეწონილობის საკითხს მერია ამ ეტაპზე განიხილავს.
რაც შეეხება რეკომენდაციას, მამუკა სალუქვაძის განმარტებით, არქიტექტორებისა და ქალაქმგეგმარებლების ჯგუფს, რომელთაც გენერალური გეგმა დაწერეს, დედაქალაქის მთავრობისთვის კონკრეტული სქემა არ შეუთავაზებიათ, რომლის მიხედვითაც ახალი სტრუქტურა უნდა განვითარდეს, თუმცა მისი შექმნა აუცილებლად მიაჩნიათ.
"კონკრეტული სქემა არ გვაქვს. ჩვენი აზრით, 15-20 თანამშრომლის დონეზე შეიძლება, ჩამოყალიბდეს. ეს მოქნილი სტრუქტურა უნდა იყოს და არა ორასკაციანი, სადაც სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები გაერთიანდებიან. ეს მერიამ უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ ჩვენ მათ თავიდანვე ვუთხარით ხედვა, რომ ცალკე ინსტიტუციის გარეშე მის განხორციელებას ვერ შეძლებს, რადგან მერიის არქიტექტური სამსახური ამას დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს, ამის რესურსი არ აქვს", - განაცხადა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, რომ ეს სტრუქტურული ერთეული მერიის დაქვემდებარებაში იყოს, ან ცალკე არსებობდეს, მაგალითად აიპ-ის, ან სსიპ-ის სახით, სადაც ის სპეციალისტები შეიკრიბებიან, რომლებიც ამ დოკუმენტის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევენ, ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმებს შეიმუშავებენ.
რა თანხა დაუჯდება თბილისის ბიუჯეტს ახალი უწყების შექმნა, უცნობია. მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით თანხას სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებს.

























