მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის კერძო სკოლების 24%-ში სწავლის წლიური საფასური 12,000 ლარზე მეტია - თიბისი კაპიტალი

სკოლა

თბილისის კერძო სკოლების 27%-ში სწავლის წლიური საფასური 6 000 ლარზე ნაკლებია, 46%-ში - 6 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს, ხოლო 27%-ში - 12 000 ლარზე მეტია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, კერძო სკოლებში სწავლის საფასურზე რამდენიმე ცვლადია პასუხისმგებელი, მათ შორის, პერსონალი და მათი კვალიფიკაცია, სასწავლო გეგმა, ინფრასტრუქტურა, ადგილმდებარეობა, დამატებითი აქტივობები მოსწავლეებისთვის და სხვა.

“საფასო კატეგორიების მიხედვით კერძო სკოლებში განსხვავებულია როგორც სწავლის ხარისხი, ასევე, ინფრასტრუქტურა და ადგილმდებარეობა”, - წერს თიბისი კაპიტალი.

მიმოხილვაში ასევე წერია, რომ კერძო სკოლების რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. კერძოდ, 2018/2019 სასწავლო წელს, ქვეყანაში 228 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა, 2024/2025 სასწავლო წელს კი მათი რაოდენობა 208-მდე შემცირდა. თიბისი კაპიტალის მიხედვით, კერძო სკოლების რიცხვის კლება შერწყმა-გაერთიანების ტრანზაქციებსა და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.

მეორე მხრივ კი, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, ძირითადად, თბილისის და ბათუმის ხარჯზე.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა თბილისში 4%-ს, ხოლო ბათუმში 3.6%-ს შეადგენს, სხვა დიდ ქალაქებში კი მოსწავლეთა კლება შეინიშნება. საქართველოს მასშტაბით, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 6 წლის განმავლობაში 2.6%-ით იზრდებოდა“, - წერს თიბისი კაპიტალი.

მიმოხილვის მიხედვით, კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა სწავლის უკეთესი ხარისხით და მოსახლეობის გაზრდილი შემოსავლებით აიხსნება.

„მოსალოდნელია, რომ მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძო სკოლებში მოსწავლეთა საშუალო რაოდენობა მომავალშიც გააგრძელებს ზრდას“, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები