მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის კლუბები დღევანდელ ღონისძიებებს აუქმებენ - "საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ ქუჩებში გადაინაცვლოს"

ბასიანი

თბილისის მსხვილი კლუბები დღეს დაგეგმილ საკლუბო ღამეებს აუქმებენ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ ქუჩებში უნდა გადაინაცვლოს.

„საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ, გუშინ, ღიად და დეკლარირებულად უარყო ქართველი ხალხის ნება და სწრაფვა ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ. საზოგადოების მრავალწლიანი შრომისა და ბრძოლის შედეგი, ვიყოთ თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული, დემოკრატიული სახელმწიფო, დროებით შეჩერებულია.

კრიზისში მყოფ ქვეყანას საერთაშორისო იზოლაცია და ეკონომიკური კოლაფსი ემუქრება, რაც არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს ყველაფერს, მათ შორის საკლუბო კულტურას და ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს. ასეთ ვითარებაში თავისუფალი და უსაფრთხო სივრცეების არსებობა და შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თბილისის საკლუბო სცენა არასდროს დამორჩილებია და არც ახლა აპირებს დაემორჩილოს არალეგიტიმური ხელისუფლების მანკიერ მცდელობებს, გაანადგუროს ჩვენი საზოგადოების საერთო მონაპოვარი. ულტრამემარჯვენე პოპულიზმის აღზევება, 2024 წელს მიღებული რუსული და ანტი-ლგბტქ+ კანონები სწორედ ამ მონაპოვრის განადგურების მცდელობაა.

მიმდინარე ბრძოლაში თითოეული ჩვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, თბილისის საკლუბო სცენა ერთსულოვნად შეთანხმდა, გაუქმდეს დღეს დაგეგმილი საკლუბო ღამეები, საცეკვაო მოედანზე დაგროვებულმა ენერგიამ კი ქუჩებში გადაინაცვლოს.

სოლიდარობას ვუცხადებთ სისტემის ყველა მსხვერპლს და მძევალს, ყველა შეუპოვარ და დაუმორჩილებელ ხმას და მოვითხოვთ აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც უკომპრომისოდ იბრძვიან რუსული ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, უპირობოდ შეუერთდეს დაუმორჩილებლობის საყოველთაო დემონსტრაციებს საქართველოს ყველა ქალაქში.“ — წერია BASSIANI-ს, KHIDI-ს, LEFT BANK-ის, MTKVARZE-ს, TBILI ORGIA-ს და TES-ის ერთობლივ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები