თბილისის მერია დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევად კონკურსს აცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალური მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევად კონკურსისთვის, შესაბამისი კომისია შეიქმნა, რომელიც დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. ხოლო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ.
"ქალაქის გერბი და დროშა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ, კანონის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით, კომისია შეიქმნა, რომელიც ისტორიკოსების, ჰერალდიკოსების, მხატვრებისა და სხვადასხვა სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან შედგება. კომისიამ პირველ ეტაპზე საკონკურსო პირობები შეიმუშავა. რის საფუძველზეც, თბილისის მერია მზადაა დედაქალაქის გერბისა და დროშის ნიმუშების შესარჩევი კონკურსი გამოაცხადოს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს მერიაში განცხადების წარდგენა, მიმდინარე წლის 1 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. გამარჯვებული ნიმუშების ავტორი, 10 000 ლარით დასაჩუქრდება. დეტალურ ინფორმაციას კონკურსის პირობებისა და განცხადების წარდგენის შესახებ, შეგიძლიათ თბილისი მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნოთ. იმედი გვაქვს, რომ თბილისს სულ მალე ჰერალდიკის წესების შესაბამისი სიმბოლოები ექნება და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დაინტერესდება და მიიღებს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას", - აცხადებს თბილისის მერი.