მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის მერია იმდენი ხანია პროექტს "მიჯანჯლებს", რომ ინვესტორი გაიქცა"

5b73f0538aefa
თამუნა ქემერტელიძე
15.08.18 13:18
2579
“მერია იმდენი ხანია პროექტს “მიჯანჯლებს” ინვესტორი გაიქცა”, - ეს განცხადება bm.ge -თან ელიავას ბაზრობის ერთ-ერთმა მფლობელმა გია ანდრიაძემ გააკეთა.

მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობას მან წლების წინ მიმართა, თუმცა პროექტის განხორციელბაზე თანხმობა ამ დრომდე არ მიუღია.

“ჯერ კიდევ დავით ნარმანიას მერობის დროს ვცდილობდი ამ პროექტის განხორციელებაზე თანხმობის მიღებას; შემდეგ კახი კალაძესაც გავუგზავნე წერილი იანვარში, აპრილში კი ურბანულ სამსახურს მივმართე, თუმცა იქიდანაც უარი მივიღე. მიზეზი შემდეგი იყო: “არ არის ახალი გარემოებები და ამ პროექტს არ განვიხილავთო”, - აცხადებს ანდრიაძე.

მისივე თქმით, საუბარია რამდენიმე მილიონიან პროექტზე, რომელიც ხოშარაულის ქუჩაზე 5 ათას კვადრატული მეტის მოწყობას გულისხმობს.

„შენობას მხოლოდ ათასი კვადრატი დაეთმობა ,ხოლო დანარჩენი 4 ათას კვადრატულ მეტრზე კი მწვანე სივრცეები მოეწყობა. ეს იქნება 15-სართულიანი შენობა; პირველ 2 სართულზე აქ დასაქმებული ადამიანები შევლენ. შემდეგ 2 სართულზე კი, მინდა საკონცერტო დარბაზი გავაკეთო, მოძრავი სცენით. ქართულ დიზაინერებსაც მინდა დავუთმო ფართი. იქნება ღია და დახურული კაფეები, საცურაო აუზები და სპა. დიდუბის რაიონში მსგავსი არაფერია. მე მგონია რომ ასეთი პროექტის განხორციელებას უნდა მეხვეწებოდნენ. შეიძლება ან სიღრმეში ვერ შედიან ან მე ვერ ვაწვდი სწორად. ვინმემ მაჩვენოს, სადაა თბილისში ისეთი პროექტი რომელსაც 4 ათასი კვადრატული მეტრი აქვს გამწვანებული”, - აცხადებს ანდრიაძე.

მისივე თქმით, თავდაპირველად მას ამ პროექტის განხორციელება ებრაელ ინვესტორთან ერთად სურდა, თუმცა იმდენი წელია ამ პროექტზე მიდის მუშაობა, რომ „ინვესტორი წავიდა“.
ამასთან, როგორც ანდრიაძე აცხადებს, ბიზნესში გადამწყვეტი ტემპია და ამ პროექტის შემთხვევაში კი, ერთ ადგილზეა საქმე გაყინული.

“პირადად ვითხოვე შეხვედრა კალაძესთან, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მაქვს, თუ კალაძე არა იქნება, სხვა შემხვდეს ვინმე, ვისაც ამ პროექტის დეტალებს ვაჩვენებ და მოვუყვები”, - აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები