დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა ფართოვდება და სრულმასშტაბიან პროექტად ყალიბდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ცვლილების მთავარი სიახლე მეწარმეებისთვის დაფინანსების ლიმიტის გაზრდაა, თუ აქამდე მაქსიმალური თანხა 20 000 ლარი იყო, ამიერიდან ბენეფიციარები 50 000 ლარამდე თანადაფინანსების მიღებას შეძლებენ.
კახა კალაძის განმარტებით, საპილოტე რეჟიმმა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მაღალი ინტერესი გამოიწვია და მონიტორინგმა დადებითი ეფექტი აჩვენა. გასულ წელს პროგრამის ფარგლებში 50-მდე მეწარმე დაფინანსდა, რომლებმაც საჭირო დანადგარები და აღჭურვილობა შეიძინეს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოვაყალიბოთ და გავაფართოვოთ, ასევე გავზარდოთ დაფინანსება“, - აღნიშნა მერმა.
მერიის განმარტებით, უპირატესობა მიენიჭებათ იმ მეწარმეებს, რომლებსაც უკვე აქვთ აქტიური საწარმო და ბიზნესის განვითარების რეალურ გეგმას წარადგენენ.
თანადაფინანსების პროპორციულობა მოთხოვნილი თანხის მიხედვით ასე გადანაწილდა:
- 5 000 ლარამდე: მერია აფინანსებს 90%-ს;
- 5 000-დან 20 000 ლარამდე: 85%;
- 20 000-დან 30 000 ლარამდე: 80%;
- 30 000-დან 50 000 ლარამდე: 70%.
დედაქალაქის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროექტი ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის საბუთების მიღება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ზუსტი თარიღების შესახებ მერია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.




























