თბილისის მერია ნაძალადევის ელექტროდეპოს რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან ₾5 მილიონი ლარი გამოიყოფა.
BMG პროექტის დეტალებით დაინტერესდა და კითხვებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მიმართა. როგორც მათ გვითხრეს, ამჟამად მიმდინარეობს პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მათ შორის განსახორციელებელი სამუშაოებისა და ვადების შესახებ.
საქმე ის არის, რომ დღევანდელ სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის გაზრდის თაობაზეც.
კახა კალაძის თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება და 2 506 978 300 ლარამდე იზრდება.
როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, ცვლილებების გათვალისწინებით ასიგნებები ახალ პრიორიტეტებზე გადანაწილდა და სწორედ მათ შორისაა ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაციის პროექტიც.
ცნობისთვის, თბილისის მეტროპოლიტენს ორი დეპო - "ნაძალადევი" და "გლდანი" ემსახურება. მათგან "ნაძალადევი" საბურთალოს ხაზის მომსახურეა, "გლდანი" კი - ახმეტელი-ვარკეთილის ხაზის.
თბილისის ბიუჯეტი 2 506 978 300 ლარამდე იზრდება - რაში რამდენი დაიხარჯება?




























