თბილისის მერია პარკინგის სისტემის კერძო სექტორისთვის გადაცემას არ განიხილავს, - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა.
მისი თქმით, არსებობს ბევრი მაგალითი, როდესაც პარკინგის სისტემას თავად მუნიციპალიტეტი მართავს.
"ამ ეტაპზე არ განიხილება კონკრეტული გეგმა, რომ კერძოში გავიდეს პარკირების ადმინისტრირება და ვფიქრობ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტი წარმატებით განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას”, - აცხადებს ანდრია ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა C.T. Park-თან და მის მაგივრად დედაქალაქში პარკინგის მონიტორინგს "თბილისის პარკინგი" უზრუნველყოფს. გასულ წელს კახა კალაძემ არ გამორიცხა, რომ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა კერძო სექტორისთვის შეეთავაზებინათ, თუმცა მისივე თქმით, დაჯარიმების ნაწილი აუცილებლად მერიის მართვაში უნდა დარჩენილიყო.

























