მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია პროგრამის "ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის" ამოქმედებას გეგმავს|რას ითვალისწინებს?

თბილისის მერია

თბილისის მერია სექტემბერში პროგრამის - „ახალგაზრდა მეცნიერები თბილისისთვის“ წარდგენას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამა დედაქალაქის პრობლემების სხვადასხვა ინოვაციური გზებით გადაჭრის ნაწილში ახალგაზრდების ჩართულობას უზრუნველყოფს.

“ის კვლევები და საგრანტო კონკურსები, რომელიც ჩვენ გვექნება შემოდგომაზე, ვფიქრობ ახალგაზრდების ჩართულობას გაზრდის დედაქალაქის ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია, ის ინოვაციური მიდგომები, მიგნებები, ახალი ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ახალგაზრდებში არსებობს ისევ დედაქალაქის სხვადასხვა საკითხების გადაჭრას მოხმარდეს და ჩართული იყვნენ ისინი დედაქალაქის ცხოვრებაში. ასევე მნიშვნელოვანია ეს რესურსები დავახმაროთ მათი უნარების da შესაძლებლობის რეალიზებას, ვინაიდან მუნიციპალიტეტს მუდმივად კავშირი აქვს ახალგაზრდებთან ბევრი სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით. ეს არის საზაფხულო პროგრამები, ეს არის „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, სხვადასხვა ტიპის არაფორმალური განათლების ხელშემწყობი პროგრამები - ეს მუდმივად მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად დედაქალაქის ყოფა-ცხოვრების საკითხებში სხვადასხვა ინოვაციური გზებით პრობლემის გადაჭრის ნაწილში ახალგაზრდების ჩართულობა - ეს ახალი მიმართულება იქნება, რომელიც შემოდგომიდან ამოქმედდება. ჩვენ სექტემბერში გვექნება აღნიშნული კონცეფციის პრეზენტაცია, რაც კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს, თუ რა მიმართულებები იქნება დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი - ეს არის გარემოს დაცვა, ურბანული საკითხები, სხვადასხვა ისეთი მუნიციპალური საკითხები”, - აღნიშნა ირაკლი გვილავამ BMGTV-ის ეთერში.

მისივე განცხადებით, მერია ხედავს პოტენციალს ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდებში, რომელთაც აქვთ საინტერესო იდეები. შესაბამისად, ახალი პროგრამა ყოველწლიურ მასშტაბს მიიღებს და იქნება გარკვეული რესურსები მობილიზებული ამ მიმართულებით. მათ შორის, დასაწყისში დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი იქნება ამ პროგრამაზე მიმართული.

“წლის განმავლობაში დაახლოებით ათამდე პროექტს შევარჩევთ, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან დედაქალაქში არსებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო მიმართულებები", - დასძინა მან..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები