მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მერია სადგურის მოედნის ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ₾1.6 მილიონით დაეხმარება

ბორჯომის ბაზრის ხანძარი

სადგურის მოედნის მიმდებარედ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს თბილისის მერია ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გაუწევს — ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დამწვარი "ბორჯომის ბაზრობის" მოვაჭრეებს რომ მერია 2 000-დან 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას გადაუხდიდა, bm.ge-ს ნახანძრალი ტერიტორიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის დირექტორმა, თორნიკე წერეთელმა მაისში უთხრა. ბაზრობის აღდგენა კი დაახლოებით 6 თვეში იგეგმება.

კალაძის თქმით, დახმარების ჯამური ოდენობა 1 687 000 ლარს შეადგენს და მისი გაცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

„გახსოვთ ალბათ, სადგურის მოედნის ბაზრობაზე ხანძარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა იქ მომუშავე მეწარმეებს. ჩვენი თანამშრომლები არაერთხელ შეხვდნენ დაზარალებულებს, ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა საქალაქო სამსახურები. მათ მოთხოვნებზე დაყრდნობით მყისიერად დაიწყო ტერიტორიის მოწესრიგება და დასუფთავება, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები“, — განაცხადა მერმა.

მისივე განმარტებით, ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიცემა. კალაძემ მადლობა გადაუხადა "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პირველივე დღიდან დავიწყეთ მოქმედება, გაიმართა შეხვედრები, გაიწერა კონკრეტული ნაბიჯები. თანხების ჩარიცხვა უკვე დაწყებულია და ეს ყველაფერი დაზარალებულ მეწარმეებთან შეთანხმებით ხდება“, — აღნიშნა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარება მიზნად ისახავს დაზარალებულებისთვის საქმიანობის დროულად აღდგენას და მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი პირების მხარდაჭერას.

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი 29 აპრილს გამთენიისას გაჩნდა.

ცნობისთვის, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, ქვეკონტრაქტორი კომპანია “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი. კომპანიის აქციონერები ასევე არიან ხათუნა გიგოლაშვილი და სიმონი გველესიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები