თბილისის მერია პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობით უმუშევარი მოსახლეობის გადამზადების პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“ იწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველების რეგისტრაცია 4 მაისამდე გასტანს. კოლეჯები სრულწლოვან მოქალაქეებს ტურიზმის, მომსახურების და მშენებლობის დარგების მიმართულებით 15 პროფესიას შესთავაზებენ. პროფესიული განათლება მსურველებისთვის უფასო იქნება, ხოლო ხარჯებს მერიის ბიუჯეტი დაფარავს. პროექტის ღირებულება 175 000 ლარია.
"ამ პროგრამის მიზანია სამსახურის მაძებელი მოსახლეობის გადამზადება მოთხოვნად პროფესიებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. დასაქმება ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის მოთხოვნა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მოთხოვნის შესაბამისი არ არის მოქალაქეების კვალიფიკაცია. ამიტომ ვიწყებთ პროგრამას „ისწავლე და დასაქმდი“, რომელში მონაწილეობა 18 წლის ზევით მოქალაქეებს ასაკის შეუზღუდავად შეეძლებათ.“ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, შერჩევისას პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს მიენიჭებათ.

























