თბილისის მერიამ კუს ტბაზე სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მის „ფეისბუქ“ ლაივში ისაუბრა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თავის დროზე მერიის სამსახურების მიერ ნებართვა მშენებლობაზე არასწორად იყო გაცემული.
„ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი მშენებლობასთან დაკავშირებით, ეს არის კუს ტბის ტყის მიმდებარე ტერიტორია, რესტორან „ოტიუმის“ პირდაპირ მიმდინარეობდა უნებართვო მშნებელობა. სამშენებლო სამუშაოები ძირითადად საძირკვლის ამოთხრა იყო. მაშინვე მოხდა რეაგირება ზედამხედველობის სამსახურის მიერ და შეაჩერეს აღნიშნული მშენებლობა.
სადაც გვაქვს მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ამ კონკრეტულ ადგილზე რაიმე მშენებლობის განხორციელება და იმ სახით რაზეც იყო ნებართვა გაცემული- ეს იყოს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რაზეც ჩვენი სამსახურები მიერ ნებართვა იყო გაუქმებული“,- აცხადებს კალაძე.
მისივე თქმით, მას ესმის ტერიტორიის მფლობელის და ისიც არ უნდა დაზარალდეს.
„ის კეთილსინდისიერი მყიდველია, შესაბამისად მე დავავალე ჩემს მოადგილეებს, რომ შეხვდნენ მფლობელს.
არ დავუშვებთ, რომ აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა განხორციელდეს. მეპატრონეც არ უნდა დავაზარალოთ და უნდა მოვაგვაროთ ეს ცივილურ ფორმებში“,- აცხადებს კალაძე.

























