თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდინარე დიღმურაზე არსებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟისა და ახალი გადასასვლელი ხიდის მშენებლობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვის ტენდერს აცხადებს. ხიდი ამჟამად სოფელ დიღომსა და ვაშლიჯვარს მარშალ გელოვანის გამზირთან აკავშირებს. წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ არსებული ხიდის საინჟინრო პარამეტრები დატვირთვას ვერ პასუხობს და მისი ჩანაცვლებაა აუცილებელი. აღნიშნულის გამო, ჯერ კიდევ 2024 წელს მერიამ ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაჩერა და რამდენიმე ავტობუსის მარშრუტი შეცვალა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 4.67 მილიონი ლარია (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო სამუშაოების შესრულება 150 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. ახალი ხიდის მშენებლობა 2025-2026 წლების დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდება: მიმდინარე წელს პროექტისთვის თანხის 40% გამოიყოფა, მომდევნო წელს კი – დარჩენილი 60%.
ტენდერის პირობებით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა შესრულდეს, ხოლო დასრულების შემდეგ შესრულებულ სამუშაოებზე სამი წლის გარანტია განისაზღვრება. მომწოდებელი ვალდებულია სამშენებლო პროცესისას დაიცვას უსაფრთხოების ყველა ნორმა, შეამციროს გარემოზე ზემოქმედება და ნარჩენები სპეციალურად გამოყოფილ ადგილას განათავსოს.
გარდა ამისა, ტენდერის მოთხოვნების მიხედვით, ობიექტზე უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მოძრაობის რეგულირების სქემა. მერია უფლებამოსილია სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს ზედამხედველობა.
შესყიდვის პირობებში გათვალისწინებულია, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიას 2022 წლიდან არანაკლებ 4.6 მილიონი ლარის ღირებულების ხიდის, გზაგამტარის ან ესტაკადის სამშენებლო გამოცდილება უნდა ჰქონდეს.
ტენდერში განაცხადების მიღება 5 სექტემბერს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.




























