მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიას უფლება აქვს Bus Line-ებში მოპედებიც და მოტოციკლებიც დაუშვას - ცვლილება დამტკიცებულია

მოპედი

თბილისის მერიას უფლება აქვს Bus Line-ებში მოპედებიც და მოტოციკლებიც დაუშვას. შესაბამისი ცვლილება პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეიტანა.

როგორც მომხსენებელმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებით, თბილისის მუნიციპალიტეტს ემატება უფლებამოსილება, განსაზღვროს, რომ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში გადაადგილების უფლება, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან – ტაქსებთან (M1 კატეგორია) ერთად, მიანიჭოს მოტოციკლს ან/და მოპედს (გარდა სამთვლიანისა).

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სატრანსპორტო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, ავტოავარიების შემთხვევებისა და შესაბამისად, დაზარალებულთა რაოდენობის შემცირებას.

პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი 77 ხმით მიიღო. კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერმა, კახა კალაძემ გასული თვის ბოლოს გააჟღერა. „ჩვენ მოვამზადეთ უკვე შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით. ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა გვექნება“, - აღნიშნა 28 ივნისს თბილისის მერმა.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ, მოპედებისა და მოტოციკლების საავტობუსე ზოლებში დაშვების წესებზე მუნიციპალიტეტი მოამზადებს პაკეტს და წარადგენს საკრებულოში. როგორც Bm.ge-ის თბილისის მერიაში განუცხადეს, წესები დაარეგულირებს დაშვების რეჟიმებს და გამონაკლისებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები