მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი შესაძლოა, რეკორდულ 1.3 მლრდ ლარამდე გაიზარდოს

5dcbdb9dc9378
შოთა ტყეშელაშვილი
13.11.19 14:34
1736
თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია 2020 წელს რეკორდული მოცულობის თანხის - 1.3 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს.

აქედან, დაახლოებით, 1.1 მილიარდი ლარი მერიის ბიუჯეტი, 65 მილიონი ევრო (215 მილიონი ლარი) კი ევროპის რეკონსტურქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ საქართველოსთვის გამყოფილი სესხი იქნება, რომლითაც მერია 200 ერთეულ ახალ ავტობუსს შეიძენს.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ BMG-ის განუცხადა, რომ მომდევნო წელს მერიის პრიორიტეტი საქალაქო ტრანსპორტის განახლება და კაპიტალური დანახარჯების გაწევა იქნება. 

"ჩვენ წარმოვადგენთ ბიუჯეტის ოდენობას, რომელიც იქნება 1,020,000,000 ლარი, ეს თანხა შემდგომში, სავარაუდოდ, აიწევს 1,100,000,000-მდე და ამას დაემატება EBRD-თან ერთად შესასყიდი 200 ავტობუსის ღირებულება. ეს არის 65 მილიონი ევროს ექვივალეენტი ლარში. ეს ჯამურად 200 მილიონი ლარია. შესაბამისად, 2020 წელს თბილისში განსახორციელებელი პროექტების ჭერი იქნება 1,300,000,000 ლარზე, რაც დამეთანხმებით, რომ არის უპრეცედენტო მაჩვენებელი. აქედან 50%-მდე არის მიმდინარე ხარჯები, დანარჩენი 500,000,000-600,000,000 ლარი. სოციალური მიმართულებით, ჯანდაცვის მიმართულებით ხარჯები არ მცირდება, ეს არის დაახლოებით 338,000,000 ლარზე დაგეგმილი, წლევანდელისგან განსხვავებით, ეს თანხა 2,000,000 ლარით არის მომატებული. ძირითადი პრიორიტეტები ბიუჯეტის არის ისევ და ისევ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, 200 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შეძენა მოხდება. ამასთან ჩვენი პრიორიტეტი არის ის, რომ არამხოლოდ სრულად ჩავანაცვლოს ის 650 ერთეული ავტობუსი, რაც გვაქვს დღეს თბილისში, არამედ მას კიდევ 100 ერთეული ავტობუსი დავამატოთ. ამისთვის უკვე გამოცხადდება ტენდერი. ჩვენი მიზანია, რომ არამხოლოდ გავაუმჯობესოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარისხი, არამედ გავზარდოთ რაოდენობა, შევამციროთ მოცდის დრო. 

გაგრძელდება ქუჩების რეაბილიტაციის პროცესი, წერეთელის გამზირი, ვაჟა-ფშაველა, ასევე გაკეთდება გუდიაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთის და ფურეცალიძის ქუჩის რეაბილიტაცია. გაგრძელდება ასევე ისტორიული შენობების რეაბილიტაციისა და ავარიული შენობების გამაგრების სამუშაოების დაფინანსება,”- ამბობს ირაკლი ხმალაძე. 

თბილისის მერიას საკრებულობისთვის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ჯერ არ გაუგზავნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები