მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის წინ დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა

მარიამ კვერნაძე

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 2 კვირის წინ დანიშნული უფროსი თანამდებობიდან წავიდა. ამის შესახებ მარიამ კვერნაძე თავად წერს სოციალურ ქსელში და პირადი მიზეზები მოჰყავს.

"მეგობრებო, სამწუხაროდ, მომიწია თანამდებობის დატოვება პირადი მიზეზით, რომელიც გამომდინარეობს ჩემივე ოჯახური მდგომარეობიდან და რომელიც არ იყო ცნობილი მაშინ, როდესაც ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ვინიშნებოდი. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს არც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და არც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების რაიმე გადაწყვეტილებასთან ან მითითებასთან.

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს გამოცხადებული ნდობისთვის და წლების განმავლობაში ნაყოფიერი საქმიანობისთვის. უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი თითოეული თანამშრომლის და წარმატებებს ვუსურვებ მათ. გთხოვთ, ნუ მოახდენთ ჩემი პირადი გადაწყვეტილების პოლიტიზირებას და ნუ გამოიყენებთ პოლიტიკური მიზნებისთვის", - წერია მარიამ კვერნაძის განცხადებაში.

ცნობისთვის, მარიამ კვერნაძე კახა კალაძემ 27 ნოემბერს დანიშნა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე. კვერნაძემ ირაკლი თავართქილაძე ჩაანაცვლა.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვერნაძე თანამდებობას ტოვებდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „კალაძე უკმაყოფილოა მერიის თანამშრომლების აქტიურობით ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ და მათ შორის, ამ სააგენტოში წმენდა მოითხოვა“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები