თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მერია თბილისში ტრამვაის ამოქმედებას მხარს უჭერს, თუმცა, ეს გრძელვადიანი გეგმაა. ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, ტრამვაის ხაზის ამოქმედებას მნიშვნელოვანი ფინანური რესურსი სჭირდება, დღეს კი დედაქალაქის მთავრობას ურჩევნია ეს თანხები ავტობუსებისა და მეტროს განახლებისთვის გამოიყენოს.
„ჩვენ გვინდა და მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, თუმცა, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეს არის გრძელვადიანი პროექტი, რადგან მას სჭირდება მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი და დღეს ჩვენ გვირჩევნია ეს ფინანსური რესურსი, მოვახმაროთ ავტობუსების პარკისა და მეტროს ვაგონების გაუმჯობესებას, რადგანაც ესეც მნიშვნელოვან კაპიტალურ ხარჯებს საჭიროებს.
ყველაზე ოპტიმალური ფასი ტრამვაის შემთხვევაში 14 კმ-იან მონაკვეთზე არის 140 მილიონი ევროს ღირებულების. ეს ფული კი პრაქტიკულად საკმარისია იმისთვის, რომ ავტობუსების პარკი სრულად განახლდეს და ასევე მეტროს ვაგონების გარკვეული ნაწილი გაუმჯობესდეს“,- აცხადებს ლექვინაძე.

























