მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან €475 მლნ გამოიყოფა - პრემიერი

თბილისის მერი
16.11.23 11:25
204

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები