თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროს 111 ვაგონის შესყიდვის ტენდერში კომპანია "ჯი-თი ჯგუფისგან" გაიმარჯვა, რომელიც მერიას ჩინეთის უმსხვილესი სარკინიგზო მწარმოებლის, CRRC-ის ვაგონებს მიაწვდის. მხარეებს შორის 150 მილიონი ევროს ხელშეკრულება 10 ივლისს გაფორმდა. პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის AIIB-ის მიერ ფინანსდება. "ჯი-თი ჯგუფი" ვაგონების შემოყვანას 2026 წლიდან დაიწყებს და პროცესი 5 წელიწადში უნდა დასრულდეს.
ახალ შემადგენლობებს შორის 14 ერთეული 4-ვაგონიანი, 11 ერთეული კი 5-ვაგონიანი იქნება.
CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიას აქვს გამოცდილება მეტროს ვაგონების მიწოდების არამხოლოდ ჩინეთის ქალაქებისთვის (ბეიჯინგი, შანჰაი, ჰონკონგი და სხვა), არამედ თურქეთისთვის (ანკარა და იზმირი), არგენტინისთვის (ბუენოს აირესი), ფილიპინებისთვის (მანილა) და შეერთებული შტატებისთვის, სადაც ბოსტონში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში CRRC-ის ვაგონები მოძრაობენ.
ტენდერის თანახმად, მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრებია:
- ერთი ვაგონის სიგრძე 18.5-დან 19.5 მეტრამდე უნდა იყოს გადაბმის ჩათვლით;
- მატარებლების ვაგონები ერთმანეთთან დაკავშირებული უნდა იყოს გამჭოლი გასასვლელით, შესაბამისად ერთი ვაგონიდან მეორეში მოძრაობა შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი;
- ვაგონის სიმაღლე 3.65 მეტრი, სიგანე კი 2.7 მეტრი უნდა იყოს;
- ვაგონის მგზავრთა ტევადობა მაქსიმუმ 280 მგზავრი უნდა იყოს, რაც 5-ვაგონიან შემადგენლობაზე მაქსიმუმ 1,400 მგზავრია.
CRRC-ის მიერ მომზადებული პროექტის რენდერები:































