მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი სამთავრობო ქალაქში ხუთზე მეტი სამინისტროს განთავსებას საჭიროდ არ თვლის

58d91e1ea83f3
დავით ჯალაღონია
27.03.17 18:10
1469
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფი სამთავრობო ქალაქში ხუთზე მეტი სამინისტროს განთავსებას საჭიროდ არ თვლის. როგორც "საქმის კურსს" ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განუცხადა, მას მთავრობისგან ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ ჰქონდა, რომ საჯარო სტრუქტურების ოპტიმიზაციის მიზნით, ორთაჭალაში რამდენიმე სამინისტროსთვის ენერგოეფექტური კომპლექსის აშენება იგეგმებოდა.

"ამ ტერიტორიის დიდი წილი საზოგადოებრივ-საქმიანი ზონაა, სადაც შეიძლება, მსგავსი ობიექტების განთავსება. ჩემი აზრით, იქ დაახლოებით, 4000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების საშუალება არ იქნება. ეს დაახლოებით, 4-5 სამინისტროს ტევადობაა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა სამინისტროს ერთად თავმოყრას საჭიროდ არ ვთვლით, მაგრამ დაჯგუფების სახით 4-5 სამინისტროს გაერთიანება შესაძლებელია. განაშენიანების ინტენსივობის მაჩვენებელი ასახული იქნება და ჩვენც გადავცემთ მათ ჩვენს მოსაზრებებს", - განმარტა ბოლქვაძემ.

მერაბ ბოლქვაძის აზრით, მთავრობის გადაწყვეტილება სამინისტროების ერთ სივრცეში განთავსებასთან დაკავშირებით, სწორი მიდგომაა.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ან სხვა სამინისტროების შენობები ამორტიზებულია და თუ რომელიმე ინვესტორი შეიძენს მას, ეს მისი მოსავლელი იქნება, რაც ურიგო არაა, მით უფრო, რომ ასეთ დიდ შენობებს გათბობისა და ვენტილაციისთვის დიდი ხარჯები სჭირდება და ჯობია, რომ სამინისტროები კომპაქტური სახის შენობებში იყოს განთავსებული", - მიიჩნევს მერაბ ბოლქვაძე.

იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფს სამთავრობო ქალაქის პროექტის ავტორებთან ექნება, დაგეგმვის პროცესში სარეკრეაციო სივრცეებისა და შესაბამისი სატრანსპორტო სქემის გათვალისწინებაა.

"ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია დახურული მდინარეების გახსნა. თქვენ იცით, რომ ამ ტერიტორიის ჩამოდის დუქნისხევის შენაკადი ჩამოდის, რომელიც მტკვარში ჩაედინება. ამიტომ ჩვენი გენერალური გეგმის კონცეფციის მოსაზრება გახლავთ მდინარეების გახსნა იქ, სადაც ამის საშუალებაა და მდინარეების გასწვრივ ლანდშაფტური, მწვანე სივრცეების ამოქმედება. ეს ძალიან კარგი იქნება როგორც საცხოვრებელი, ისე საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისთვის. ამიტომ ეს მოთხოვნაც იქნება ჩვენს დავალებაში ასახული - ლანდშაფტის ძალიან მკაცრი დაცვა. გარდა ამისა, კიდევ იქნება სატრანსპორტო თვალსაზრისით გარკვეული მოთხოვნები. ჩვენ როცა დაგვიკავშირდებიან, შესაბამის დავალებაში ავსახავთ და იმ საპროექტო ჯგუფს გადავცემთ, რომელიც ამაზე იმუშავებს", - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.

სამთავრობო ქალაქის არქიტექტურული და ეკონომიკური შინაარსი განაშენიანების რეგულირების გეგმაზეა დამოკიდებული. ჯერ უცნობია, ვინ მოამზადებს ამ დოკუმენტს. თავად მერაბ ბოლქვაძე მის ჯგუფთან ერთად ამ ეტაპზე დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობს, რომელიც სავარაუდოდ, მაისში მზად იქნება. ეს უკანასკნელი განაშენიანების რეგულირების გეგმასთან შედარებით ეს უფრო ზოგადი და ამავდროულად, ქალაქის განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტია, რომელიც თბილისს 30-წლიან პერსპექტივაში უყურებს.

კითხვაზე, ქალაქმგეგმარებლების ჯგუფთან ერთად მიიღებს თუ არა მონაწილეობას კონკურსში, რომელიც განაშენიანების რეგულირების გეგმის მოსამზადებლად გამოცხადდება, ბოლქვაძეს ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს.

"თვენახევარი კიდევ სამუშაო გვაქვს. შემდეგ, საშუალება თუ გვექნება, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ვნახოთ", - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო ქალაქის მშენებლობის იდეა პრემიერ-მინისტრმა 23 მარტს, მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები