მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თბილისის მშრალი პორტი“ განვითარების მეორე ფაზაზეა - როგორია გეგმები?

ნინო ნემსაძე

„თბილისის მშრალი პორტი“ განვითარების მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ზრდას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. როგორც BMG-სთან „თბილისის მშრალი პორტის“ დირექტორი ნინო ნემსაძე აცხადებს, პორტი ამჟამად პირველი ფაზის ფარგლებში ოპერირებს, თუმცა მოთხოვნის მზარდი დინამიკა მომდევნო ეტაპების დაჩქარებას მოითხოვს.

„ამ ეტაპზე ვფლობთ მხოლოდ პირველ ფაზას. თვიდან თვემდე აქტიური ზრდა გვაქვს. შესაბამისად, ამის საფუძველზე უკვე დავიწყეთ განხორციელება მეორე ფაზის, რომელიც გულისხმობს უფრო დიდი დახურული საწყობის მშენებლობას და ღია საკონტეინერო მოედნის გაფართოებას. პარალელურად, ვმუშაობთ კვლევაზე - თუ რა მოთხოვნაა ბაზარზე, რომ ამის შესაბამისად განვავითაროთ მესამე ფაზაც,“ - ამბობს ნინო ნემსაძე.

მისივე თქმით, მესამე ფაზის პროექტი ჩარჩოს სახით უკვე არსებობს და ის უფრო სპეციალიზებულ მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული.

„სავარაუდოდ, იქ განვითარდება დახურული საწყობების კუთხით უფრო მეტად სპეციალიზებული, ასევე ე.წ. 3PL მომსახურების გაწევის ბაზაზე მორგებული შენობებით. თუმცა, მშენებლობა ჯერ დაგეგმილი არ არის. დასრულდება რა მეორე ფაზა, გახდება ოპერირებადი და უკვე იქ დაიწყება ტვირთბრუნვის ზრდა, რის შემდეგაც დავიწყებთ მესამე ფაზის მშენებლობას.

ყველა კვლევა ამბობს, რომ მოთხოვნა დიდი და მზარდია. მიწოდება, სამწუხაროდ, ამ ტემპს ჯერ ვერ ეწევა. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა უფრო მაღალი სტანდარტის მქონე დახურულ საწყობებზე და თითქმის არ არის შევსებული ბაზარი, ფაქტობრივად, თითქმის თავისუფალია ამ ე.წ. 3PL მომსახურების გამწევი ობიექტებისგან“, - ამბობს ნინო ნემსაძე BMG-სთან და განმარტავს, რომ დეფიციტის შესავსებად, „თბილისის მშრალი პორტი“ აქცენტს მაღალ სტანდარტზე გააკეთებს და მეორე ფაზის საწყობი სწორედ A-კლასის იქნება.

„ჩვენი მეორე ფაზის საწყობი სწორედ A-კლასზე იქნება გათვლილი, დაახლოებით, 10 000 პალეტამდე ტევადობის და ამ სიცარიელეს მოთხოვნის თვალსაზრისით ნაწილობრივ, ბუნებრივია, შეავსებს.

დღესდღეობით 21 მილიონი დოლარის მოცულობის არის უკვე [ინვესტიცია], თუმცა ეს არ მოიცავს მესამე ფაზას. მესამე ფაზა რომ დაიგეგმება და დაითვლება, შესაბამისად გაიზრდება საინვესტიციო მოცულობაც“,- ამბობს ნინო ნემსაძე.

რაც შეეხება მომსახურების ფასებს, ბაზარზე არსებული დისბალანსი ღირებულებას მაღალ ნიშნულზე ინარჩუნებს.

„ჯერ ფასები მაღალია, ბუნებრივია, იმიტომ რომ მოთხოვნა მაღალია, მიწოდება - დაბალი. ომის გავლენა, რა თქმა უნდა, ზოგადად ფართო მასშტაბში, შეინიშნება. კონკრეტულად თბილისის მშრალი პორტის შემთხვევაში, ველოდებით ამ გავლენის ჩვენამდე მოსვლას და ასახვას. მაგრამ ზოგადად უკვე გაიზარდა ტრანსპორტირების ღირებულების ყველა შემადგენელი და არ არის გამორიცხული, რომ ზრდა კიდევ უფრო მეტი იყოს. დატვირთულობაც, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება. უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ეს იქნება რკინიგზაზე დატვირთვის ზრდა, ისევ იმიტომ, რომ რკინიგზა საწვავის ფასების ზრდის გათვალისწინებით, კონკურენტულია“, - განმარტავს ნინო ნემსაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები