მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მთავრობა საზტრანსპორტის გადატვირთვის მიზეზებს განმარტავს

625ff98adce43
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.22 16:05
4773
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვისა და მოქალაქეების რიგების შესახებ ფოტო და ვიდეომასალა აქტიურად ვრცელდება. მოქალაქეები მეტროთი, ავტობუსებით და თუ მიკროავტობუსებით გადაადგილებისას სირთულეებსა და დისკომფორტზე საუბრობენ.

დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რიგ ლოკაციებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა დედაქალაქს დღეისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების დეფიციტი არ გააჩნია.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ის მიზეზები დაასახელა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის დროს მოქალაქეთა რიგების გაჩენას უწყობს ხელს და აღნიშნა, რომ ეს თავად მოქალაქეთა გადაწყვეტილების გამო ხდება.

„მოქალაქეები რატომღაც მიკროავტობუსებით გადაადგილებას ირჩევენ და იმ ხაზზე მოძრავ ავტობუსებს არ მიჰყვებიან. ჩვენი მიზანია, ადამიანები მაქსიმალურად სწრაფად და კომფორტულად გადავიყვანოთ, შესაბამისად, თუ ვინმეს მიკროავტობუსით მგზავრობის სურვილი აქვს, ეს მისი გადაწყვეტილებაა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოქალაქეთა ასეთი დაგროვების მიზეზი, სწორედ ეს არის.

გვაქვს ისეთი ადგილები - ვარკეთილის, დიდუბის, გლდანის მეტრო, სადაც ბევრი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩამოივლის, მაგალითად, თუ ყოველ ერთ წუთში ერთხელ 10 საზტრანსპორტი ჩამოივლის, იმ ადგილზე სულ მცირე 30 ადამიანი გროვდება, რადგან ერთ ტრანსპორტს შესაძლოა 3 ადამიანი ელოდებოდეს, თუმცა არ უარვყოფ იმას, რომ რაღაც ნაწილებში არის პრობლემური დაგროვებები, ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ და ეს აუცილებლად აღმოიფხვრება“, - განაცხადა წილოსანმა.

კითხვაზე - როგორ აპირებს მერია ამ გამოწვევის დაძლევას და თუ გაიზრდება ტრანსპორტის მიწოდება ამ უბნებში, ვიქტორ წილოსანმა განმარტა, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოლოდინის რეჟიმი 15 წუთს არ აღემატება.

„დღეისთვის, დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების დეფიციტი არ გააჩნია. ხშირად დიდი მგზავრთნაკადის შემთხვევაში, მათ შორის კერძო ავტომობილებით მობილობის ზრდის პერიოდებში, ახლაც, როდესაც ყველა ადამიანი წინასააღდგომოდ ემაზადება, გვაქვს საცობები. აქედან გამომდინარე, იმ ადგილებში, სადაც არ არის გამოყოფილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფერხდება და უწევს დაგვიანებები.

თუმცა აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პიკურ პერიოდში 15 წუთზე მეტი მოლოდინის დრო არსად გვაქვს, როდესაც საშუალო მოლოდინის დრო ძველი ქსელის პირობებში 28 წუთი იყო. ეს პრობლემები დღეს ჩვენ არ გვაქვს; თუ დაგვიანება ხდება, იმის გამო ხდება, რომ მარშრუტზე სადღაც შეიძლება იყოს საცობი; ჩვენ თუ ამ მარშრუტზე დიდი რაოდენობით ავტობუსებს მივაწდით, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გავზრდით იმ ტერიტორიაზე მიწოდებას და კიდევ უფრო მოხდება შეფერხებები, ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის ზოლების გაკეთება, რომელიც რიგ რაიონებში უკვე მოეწყო“, - განმარტა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.