მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მუზეუმების გაერთიანება ინოვაციების დანერგვის მიზნით ახალ პროექტს იწყებს

63810adabae59
BM.GE
25.11.22 22:55
668
„მეტი ინოვაციები და საზოგადოებრივი ჩართულობა თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში“ - ამ სახელწოდებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც bp-ს სოციალური ინვესტიციების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (ctc) თანამშრომლობით განხორციელდება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ისეთი სიახლეების დანერგვაში, რომელიც საშუალებას მისცემს, გააფართოოს აუდიტორია, განავითაროს საგანმანათლებლო სერვისები და უზრუნველყოს ექსპონატების უკეთესი დაცვა.

10-თვიანი სამუშაო პროექტი სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს:

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ბაზაზე არსებული რესტავრაცია-კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის აღჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უახლესი აპარატურით, რაც შესაძლებლობას მისცემს ლაბორატორიას, გააფართოოს საქმიანობა კოლექციებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რესტავრაციის კუთხით და ასევე გაუწიოს მომსახურება სხვა მუზეუმებს;

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმში ორენოვანი აუდიოგიდის სისტემის დანერგვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც სამუზეუმო თხრობის გამრავალფეროვნებას და დამთვალიერებლისათვის მეტი კომფორტის შექმნას უწყობს ხელს;

თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის პოპულარიზაციის, ასევე, ვიზიტორთა თუ ონლაინ მიმდევართა მოზიდვის მიზნით საინფორმაციო, საგანმანათლებლო ვიდეორგოლების დამზადება და მათი გავრცელების ხელშეწყობა.

პროექტის წარდგენას ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩია და თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრნენ.

ღონისძიებაზე თბილისის მუზეუმების გაერთიანების, bp-ისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიზნებზე,
განხორციელების გზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე.

„თბილისის მუზეუმების გაერთიანების საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი
განხორციელდა, მათ შორის, ილიას მუზეუმის რეაბილიტაცია. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ მუზეუმების გაერთიანებამ bp-სგან აღნიშნული გრანტი
მოიპოვა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოხმარდება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები