მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის რკინიგზის სადგურის ბაქნების რეაბილიტაციისთვის $3.3 მლნ-ის კონტრაქტი გაფორმდა

რკინიგზის სადგური

„საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის ცენტრალური სადგურის N2 და N3 სამგზავრო ბაქნების რეაბილიტაციისთვის შპს „მაქსიმუმთან“ 3.29 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 17 სექტემბერს გაფორმდა და თანხა დღგ-ის ჩათვლით 3,292,990 დოლარს შეადგენს.

სამუშაოების შესრულების ვადა 12 თვეა. რეაბილიტაცია ეტაპობრივად ჩატარდება და თითოეული ბაქნის სამუშაოებს 6 თვე დაეთმობა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, ახალი გადახურვების მოწყობა, სანიაღვრე სისტემის გაუმჯობესება, ბაქნების საფარისა და განათების განახლება. ასევე დამონტაჟდება ოთხი ახალი ესკალატორი, ორი თითოეულ ბაქანზე.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, არსებული ბაქნების მდგომარეობის შეფასებისას გამოვლინდა პრობლემები, მათ შორის ზედაპირული წყლის მოცილების სისტემაში, რკინაბეტონის კონსტრუქციებსა და სანიაღვრე ღარებში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია ბაქნების ცალკეული მონაკვეთების დაზიანება და ლიანდაგთან პარალელურობის დარღვევა.

შპს „მაქსიმუმი“ საჯარო რეესტრში 2021 წლის 8 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი ვასილ ჯანჯღავაა, რომელიც კომპანიის 20%-იან წილს ფლობს, ხოლო 80%-იანი წილის მფლობელი ერეკლე კაკაბაძეა. კომპანიის იურიდიული მისამართი თბილისში, ბაგების დასახლებაშია.

ტენდერისთვის წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, „მაქსიმუმს“ 2023-2025 წლებში რამდენიმე სამშენებლო პროექტი აქვს შესრულებული. მათ შორისაა საქართველოს ეროვნული არქივის დაკვეთით შიდა ქართლის რეგიონული არქივის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 3.29 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანიამ ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ სამშენებლო სამუშაოები შეასრულა, ძირითადი კონტრაქტის ღირებულებით 1.72 მილიონი დოლარი.

თბილისის ცენტრალური სადგურის ბაქნების რეაბილიტაცია „საქართველოს რკინიგზამ“ 2024 წელსაც დაგეგმა. მაშინ დაახლოებით 4 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, თუმცა შესყიდვა ვერ შედგა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები