მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის სააპელაციომ თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა - არ დაკმაყოფილდა არცერთი სარჩელი

სააპელაციო სასამართლო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევაზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლომ 26 საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა. 26-დან 12 საქმე საიას მიერ იყო შეტანილი და ეხებოდა აღმოსავლეთ საქართველოში ყველა ტექნოლოგიური უბნის შედეგების ბათილად ცნობას. 150-მდე უბნის ბათილად ცნობას ეხებოდა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ დანარჩენი 14 საჩივარიც.

23-საათიანი განხილვის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება წალკისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო უბნების ბათილობასთან დაკავშირებით. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი პირველ ინსტანციაში, რომელმაც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სხვა სასამართლოების გადაწყვეტილებები და არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები უბნების ბათილობასთან დაკავშირებით.

მანამდე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა ISFED-ის არცერთი საჩივარი და გააუქმა გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება 15 უბნის გადათვლის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაში შედიოდნენ: გოჩა დიდავა, დიმიტრი გვრიტიშვილი და თავმჯდომარე დავით ახალბედაშვილი.

შეგახსენებთ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო დასავლეთ საქართველოს ტექნოლოგიურ უბნებთან დაკავშირებით.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები