დღეიდან 25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები დაიწყო. პირველი ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმში უკვე ჩაფრინდა. TAV Georgia-ს ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს. რეისის პირველ აფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.


































