მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

5e06430deac85
BM.GE
27.12.19 21:43
1453
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 21 მილიონი ლარით განისაზღვრა. საკრებულომ თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, თბილისის მერმა კახა კალაძემ წარუდგინა და ორი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა. დედაქალაქის მერმა 2019 წელს განხორციელებულ და მომავალ წელს დაგეგმილ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. მან იმ მასშტაბური პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით თბილისის მერიამ განახორციელა.

წლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, კახა კალაძემ და მისმა მოადგილეებმა საკრებულოს წევრებს 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტები შემდეგნაირად გადანაწილდა: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა და განვითარება, ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა,განათლება,კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

2020 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა საკრებულოს თავმჯდომარემაც. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მომავალი წლის თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც დედაქალაქის მთავრობას დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებისა და ახალი პროგრამების შემუშავების საშუალებას მისცემს. მან თბილისის მერს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანა დედაქალაქის კეთილდღეობაში მადლობა გადაუხადა.

„თბილისის 2020 წლის ბიუჯეტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც თბილისის მთავრობას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალებას მისცემს. მომდევნო წელსაც დედაქალაქის მთავრობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება კვლავ პრიორიტეტულ საკითხებად რჩება”-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ დღესვე, დედაქალაქის მთავრობის მუშაობა შეაფასა. მისი თქმით, 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო და დედაქალაქში უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები განხორციელდა.

თბილისის საკრებულოს წლის ბოლო სხდომას, ბოიკოტის ნიშნად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები არ ესწრებოდნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. დეპუტატებმა დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ საკრებულოს განკარგულების პროექტი დაამტკიცეს. გარდა ამისა, კომისიის წევრებმა რამდენიმე მისამართზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები განიხილეს და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ, საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შეიტანეს. დღესვე საკრებულოს წევრებმა თბილისის დასახლებული ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების კონკრეტული ფორმის გამოყენებაზე დედაქალაქის მთავრობას თანხმობა მისცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები