თბილისის საკრებულოს 10 თანამდებობის პირს არასრულად აქვს დეკლარირებული საკუთარი ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა; ექვსმა კერძო კომპანიაში საკუთარი წილი მართვის უფლებით სხვა პირს არ გადასცა; ხოლო ერთი იკავებს დირექტორის პოზიციას კერძო კომპანიაში, რითაც ეწევა თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას. თბილისის VI მოწვევის საკრებულოს 50-ვე წევრის სამეწარმეო საქმიანობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა.
როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იტყობინება, თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან თანამდებობის პირის სტატუსი 27-ს აქვს. დანარჩენი 23 წევრისგან განსხვავებით, საკრებულოს თანამდებობის პირებს დამატებითი უფლებამოსილება აქვთ და შესრულებული სამუშაოსთვის იღებენ ხელფასს ქალაქის ბიუჯეტიდან, რის გამოც მათ ეკრძალებათ სამეწარმეო საქმიანობა და ვალდებულნი არიან ყოველწლიურად შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, სადაც ისინი საჯაროდ ამჟღავნებენ მათ და მათი ოჯახის წევრების ქონებასა და მიღებულ შემოსავალს.
"აღსანიშნავია, რომ 2019 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები აღარ ავსებენ ქონებრივ დეკლარაციას, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირები არიან და შესაბამის ხელფასს იღებენ. ამასთანავე, საკრებულოს არათანამდებობის პირი წევრები, რომლებსაც არ ევალებათ დეკლარაციის შევსება, რეგულარულად იღებენ ხარჯების ანაზღაურების სახით ფიქსირებული რაოდენობის თანხას. ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევების გამოვლენისა და პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია, რომ თბილისის საკრებულოს თითოეული წევრი ასაჯაროებდეს ინფორმაციას საკუთარი კომერციული ინტერესების შესახებ", - წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო".
ორგანიზაციამ ქონებრივ დეკლარაციებსა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით შეისწავლა თბილისის საკრებულოს წევრების და მათი ოჯახის წევრთა სამეწარმეო საქმიანობა და გამოავლინა, რომ:
თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან 26 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათი უმრავლესობა (23) მმართველი პარტიის წევრია.
საკრებულოს 27 თანამდებობის პირიდან 14 დაკავშირებულია სამეწარმეო საქმიანობასთან. მათგან ხუთის ოჯახის წევრს გააჩნია ბიზნესინტერესი.
საკრებულოს 23 არათანამდებობის პირი წევრიდან 12-ს გააჩნია კომერციული ინტერესი. 7 მათგანი საკრებულოს წევრობის პარალელურად იკავებს მმართველ პოზიციას საკუთარ კომპანიაში.
დაწვრილებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოვლენილი დარღვევების შესახებ იხილეთ აქ

























