თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.
ხომერიკი ბრალს არ აღიარებს. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვა წარმოთქვა და განაცხადა, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია.
შეგახსენებთ, რომ დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს, თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით, გზის გადაკეტვისთვის, ძმასთან ერთად დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებისას მას ცეცხლგამჩენი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომლებიც გამოყენებისთვის მზად იყო.
დავით ხომერიკს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის მე-18-229-ე მუხლით წარუდგინეს, რაც დანაშაულის მომზადებას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























