თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე სხდომა იწყება. ექსპრემიერი სასამართლოში მივიდა და სხდომას ესწრება. პროცესს მოსამართლე ეკა ბარბაქაძე გაუძღვება.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სხდომათა დარბაზში მანდატურების დერეფნის გავლით შემოიყვანეს. მას მოქალაქეებისთვის განკუთვნილი შემოწმება არ გაუვლია.
ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის უფლებადამცველმა ლილი გელაშვილმა განაცხადა, აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით დაცვის მხარეს თავისი შუამდგომლობა აქვს, რომელსაც სასამართლო პროცესზე გააჟღერებენ. ირაკლი ღარიბაშვილის, სავარაუდოდ, სიტყვითაც გამოვა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდეა გულისხმობს. სსკ-ის აღნიშნული მუხლი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ეხება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. პროკურატურა ყოფილი პრემიერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვს. უწყება ღარიბაშვილის მიმართ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებასაც მოითხოვს, რაც საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარებას და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვას გულისხმობს.




























