სასტუმრო პროექტების მენეჯერი მაია მახათაძე, რომელიც დღეს თბილისში ე.წ ლაქშერი ტიპის სასტუმრო „ადამო“-სა და „კრონ პალას თბილისის“ მმართველია, აცხადებს, რომ დედაქალაქში ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით დიდი მოლოდინი არ აქვთ.
მიუხედავად ამისა სასტუმრობის მმართველის თქმით, მათ რეკომენდაციების გათვალისწინებით სასტუმრო „ადამო“ პანდემიის დროს საქართველოში დარჩენილი უცხოელი ვიზიტორებისა თუ კომპანიების წარმომადგენლებისთვის აამოქმედეს, ხოლო „კრონ პალასი“ საკარანტინე ზონების პროგრამაშია ჩართული.
„თბილისის სასტუმროებში შიდა ტურიზმთან დაკავშირებით მოლოდინები არ გვაქვს, აქედან გამომდინარე ამაზე არ გვქონია გათვლა, უბრალოდ მოვიყვანეთ სასტუმრო ფორმაში და უფრო დავიწყეთ მუშაობა უცხოურ მისიებზე, რომლებიც დარჩნენ საქართველოში პანდემიის გამო და შესაძლოა, განთავსება სჭირდებოდეთ, ანუ არა საქართველოს მოქალაქეებზე, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისი არ არის ის ქალაქი, სადაც დაისვენებენ.
ამასთან „ადამო“ ლაქშერის ტიპის სასტუმროა და ამიტომ აქცენტირებას ვაკეთებთ იმ საერთაშორისო კომპანიებზე, რომელთა მისიები საქართველოში პანდემიის განმავლობაში დარჩნენ, ან უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც ვერ გაემგზავრნენ და საჭიროებენ სასტუმროში განთავსებას.
სასტუმრო „ადამომ“ გაიარა შემოწმება, მოიპოვა მუშაობის ნებართვა და 15 ივნისს ამოქმედდა“, - განაცხადა მაია მახათაძემ.
სასტუმრო პროექტების მენეჯერის თქმით, ამ დროისთვის სასტუმროს დატვირთვა 10-15%-ს არ აღემატება, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებლია.