თბილისის სატრანსპორტო კომპანია ითხოვს, რომ კომპანია „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციას ახორციელებს, ე.წ. შავ სიაში იქნას შეყვანილი.
Bm.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნით კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მიმართა შესყიდვების სააგენტოს, და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ერთი თვის ვადაში უნდა აიტვირთოს. პროცედურის თანახმად, თუკი კომპანია „მამისონს“ შავ სიაში“ შეიტანენ, ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებს.
ტენდერების მონიტორის სისტემის მონაცემებით, შპს მამისონს 2012 წლის შემდეგ 73 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა ჯამური მოცულობაც 187 მილიონ ლარამადეა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტი 14.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის 2017 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმდა.
ბიზნესრეესტრის მონაცემებით, შპს “მამისონი” 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილსაც შპს “ევროდ ჰოლდინგი” ფლობს. თავად “ევორდ ჰოლდინგის” ამონაწერის მიხედვით, შპს “ევორდ ჰოლდინგის” მესაკუთრე და დირექტორი ბიზნესმენი ნიკოლოზ ჭკადუაა.
მეტრო "გოცირიძეზე" საწყის ეტაპზე სამუშაოების შესრულება შპს "კაიზენის" ფილიალმა დაიწყო, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია “მამისონმა” გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა. პროექტის ღირებულება 4.7 მილიონს აღემატება.