მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი ცუდად არის ორგანიზებული“ - "სისტრას" კვლევა

5f353d9764631
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 18:30
3993
ფრანგული საკონსულტაციო კომპანია „სისტრას“ მიერ ჩატარებული კვლევის - „ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაცია და მგზავრობის საფასურის შეგროვების ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვა“ შუალედური ანგარიშის მიხედვით თბილისის ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების არსებული ქსელი ცუდად არის ორგანიზებული.

აღსანიშნავია, რომ კვლევა 2018 წელს მიმდინარეობდა. მისი დასკვნები შემდეგია:

„თბილისის ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების არსებული ქსელი ცუდად არის ორგანიზებული (იერარქიულად დალაგებული) და სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს შორის ფუნქციონალურობის თვალსაზრისით არ არსებობს არანაირი მკაფიო გამიჯვნა, რაც არსებული ქსელის საექსპლუატაციო ეფექტიანობის კუთხით წარმოშობს მთელ რიგ პრობლემებს, მათ შორის ქმნის გადატვირთულ მოძრაობას (საცობს) და შეუძლებელს ხდის სატრანსპორტო კვანძებზე ავტობუსებისთვის უპირატესობის მინიჭებას, რაც აუარესებს ავტობუსების სამუშაო სიჩქარეს და იწვევს ადგილობრივ და გლობალურ დაბინძურებას“.

ამავე კვლევაში განმარტებულია, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საავტობუსო ქსელი განშტოებულია და მოიცავს თბილისის ყველა ურბანულ დასახლებას, ასევე უკავშირდება მოშორებულ ტერიტორიებს, როგორიც არის წყნეთი, ლილო, წოდორეთი და ა.შ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანიის ფუნქციას, რომელიც ემსახურება და ითვალისწინებს თითოეული მცხოვრების, მათ შორის კომერციულად არამომგებიანი სეგმენტის, საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ბაზრებს წვდომა ჰქონდეთ PT ქსელზე. თუმცა, მგზავრთა დაბალი რაოდენობის გათვალისწინებით, მიკროავტობუსების მომსახურება შესაძლოა უფრო მიზანშეწონილი იყოს გარკვეული დანიშნულების ადგილებისთვის.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი სიხშირის მქონე ხაზები დღის მანძილზე ასრულებენ დაახლოებით 110 მგზავრობას გასვლის ადგილზე დაბრუნებით, რაც 15 საათიანი სამუშაო რეჟიმის გათვალისწინებით, ნიშნავს ერთ ავტობუსს ყოველ რვა წუთში თითოეული მიმართულებით. ავტობუსებს შორის საშუალო დროის ინტერვალი შეადგენს 18 წუთს. ოცდახუთი ხაზის საშუალო დღიური დროის ინტერვალი აღემატება 30 წუთს, ხოლო ასეთი ხაზების მიერ შესრულებული დღიური მგზავრობების (ორივე მიმართულებით) რაოდენობა 30-ზე ნაკლებია.

ამასთან, სამარშრუტო ტაქსების ქსელი განშტოებულია და ჰგავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ქსელს. აღნიშნულ ორ ქსელს შორის არსებობს უამრავი გადაფარვა.

მთლიანობაში, მიკროავტობუსების ხაზები ავტობუსების ხაზებთან შედარებით ორჯერ მოკლეა, რაც ხაზს უსვამს მათ ადგილობრივ გამოყენებას. არსებობს მრავალი ხაზი, რომელიც ქალაქის ცენტრში წყდება, შესაბამისად კონკურენციას უწევს TTC ქსელს (ავტობუსი +მეტრო) ნაცვლად იმისა, რომ ასრულებდეს დამხმარე დამატებით ფუნქციას.

სამარშრუტო ტაქსის ხაზების საშუალო სიგრძე შეადგენს 10.5 კმ-ს, რაც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება TTC -ის საავტობუსო მარშრუტების საშუალო სიგრძისგან. სამარშრუტო ტაქსების ოპერატორების მიერ გამოყენებული სიხშირე - უკიდურეს შემთხვევაში თეორიულად - მნიშვნელოვნად მაღალია საავტობუსო სიხშირესთან შედარებით - საშუალოდ 6 წუთიანი დროის ინტერვალით.

ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული პროექტის - ავტობუსების ქსელის რესტრუქტურიზაციის და მგზავრობის ღირებულების ამოღების ინტეგრირებული ავტომატიზირებული სისტემის დანერგვისათვის - ჩატარებული კვლევის ამოცანაა ქალაქის დახმარება ახალი ავტობუსების და მიკროავტობუსების (მარშრუტკების) ქსელის და სატარიფო სისტემის შემუშავება და ოპერაციული ეფექტიანობის მიღება; ასევე ბილეთების სისტემის სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, მომავალი საავტობუსო მარშრუტებისათვის კონკურენტული ფასების შეთავაზება და ქალაქის მიერ უსაფრთხოების და გარემოს დაცვის დასაშვები სტანდარტების დანერგვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები